ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვა საპარლამენტო ფრაქციებში დღეს დაიწყება
ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვა საპარლამენტო ფრაქციებში დღეს დაიწყება. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასა” და ფრაქცია „ევროპულ საქართველოში“ ელოდებიან.
ოპოზიციურ პარტიებს ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები აქვთ. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაზრებით, შეცვლილი ბიუჯეტი არ პასუხობს მოქალაქეების პრობლემებს. მისივე განცხადებით, შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად, საჭიროა მეტი დახმარების გაცემა მოსახლეობაზე და ასევე გადასახადების შემცირება.
„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებები არ პასუხობს იმ ძირითად პრობლემას, რომელიც ჩვენს ხალხს აქვს. ეს არის ის, რომ ხალხში ფული არ ტრიალებს და ამას სჭირდება ორი მიმართულებით ნაბიჯები. ეს არის, ერთის მხრივ, ხალხისთვის მეტი დახმარების გაწევა. სამწუხაროდ, ჩვენ ამას წარმოდგენილ ცვლილებებში ვერ ვხედავთ და მეორე არის გადასახადების შემცირება“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება გრანტებითა და სესხებით შევსებულ ბიუჯეტს ფლანგავს. რომან გოცირიძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ პარტიას დღეს საკუთარ ხედვებს შესთავაზებს.
„16 მილიარდიდან რვა მილიარდი არის ვალი, 600 მილიონი არის გრანტი. საკუთარი წყაროს გარეშე არსებობს ბიუჯეტი და ასეთ საგანგაშო ვითარებაში თითოეული თეთრი უნდა იყოს დახარჯული ასჯერ გაზომილად და ნაცვლად ამისა, იფლანგება ეს ხუთმილიარდიანი დახმარება, სესხი, რომელსაც იღებს მთავრობა. ამიტომ ჩვენ გვექნება შეთავაზებული ჩვენივე გეგმა, რაში უნდა ყოფილიყო ეს ბიუჯეტი გამოყენებული“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მთვარობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული ბიუჯეტი პროფესიონალურად და რაციონალურად არის ჩამოყალიბებული.
„გეგმა, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, სწორედაც რომ რაციონალურად და პროფესიონალურად არის ჩამოყალიბებულია, გათვლილია არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ მომავალზე. თუკი არსებობს რაიმე დეტალი, რომელიც მაგალითად გამოგვრჩა და ჩვენ ოპონენეტებს აქვთ უკეთესი აზრი, რასაკვირველია განხილულიც იქნება და გათვალისწინებულიც, მაგრამ დღემდე, გარდა იმისა, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს ან საერთოდ გაუქმდეს, მათგან ჩვენ არ გაგვიგია რაიმე საინტერესო მოსაზრება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
დღესვე ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვა გაგრძელდება საკომიტეტო ფორმატშიც. ფინანსურ დოკუმენტზე გარემოს დაცვის, ასევე აგრარული კომიტეტების სხდომაზე იმსჯელებენ. 16 ივნისს შეხვედრებია დაგეგმილი ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი-სოციალ დემოკრატებში“ და ფრაქცია „დამოუკიდებელ დეპუტატებში“, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა კი 17 ივნისს არის ჩანიშნული, რის შემდეგაც კომიტეტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით დაუბრუნებს ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს მთავრობას. კორექტირებული ბიუჯეტი კი საგაზაფხულო სესიის დასრულებისას დამტკიცდება.
შეცვლილ ბიუჯეტში შემოსავლები მილიარდ 800 მილიონით მცირდება, ასევე 600 მილიონით მცირდება ხარჯვითი ნაწილი. პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად, მთავრობა ზრდის საგარეო და საშინაო ვალს. სახელმწიფო წელს 14-ის ნაცვლად 16 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს.