გიორგი კაკაურიძე - 170 ათასამდე ადამიანი იყო, ვისაც აპრილში ხელფასი არ მიუღია და კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა ინფორმაცია დაახლოებით 95 ათასზე წარმოადგინეს
გიორგი კაკაურიძე - 170 ათასამდე ადამიანი იყო, ვისაც აპრილში ხელფასი არ მიუღია და კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა ინფორმაცია დაახლოებით 95 ათასზე წარმოადგინეს

ჩვენი ბაზიდან ჩანდა, რომ დაახლოებით 170 ათასი ადამიანი იყო, ვისაც აპრილში ხელფასი არ მიუღია და კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა დაახლოებით 95 ათას ადამიანზე წარმოადგინეს ინფორმაცია, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილეს 1200 ლარიანი კომპენსაციების გაცემისა და ბენეფიციარების იდენტიფიცირების შესახებ კითხვა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა დაუსვა.

„იდენტიფიცირება მარტივი იყო, თუმცა კომპანიებს უნდა წარმოედგინათ ინფორმაცია, ამაზე არაერთი განცხადების გაკეთება დაგვჭირდა, როგორც პრემიერის მხრიდან, ასევე ჩვენი, შემოსავლების სამსახურის მხრიდან. კომპანიების ნაწილმა არ წარმოადგინა ინფორმაცია. რაც ჩვენი ბაზიდან ჩანდა, დაახლოებით 170 ათასი ადამიანი იყო, ვისაც აპრილში ხელფასი არ მიუღია და ანუ ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა ამის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს ნახევრად, შეიძლება ითქვას, დაახლოებით 95 ათას ადამიანზე. ბევრი კითხვა გაუჩნდათ კომპანიებს –  არ გამიშვია სამსახურიდან და მომავალში ავუნაზღაურებ… ანუ სამსახურიდან ძალიან ბევრმა არ გაუშვა, უბრალოდ ხელფასი ვეღარ მისცა და რადგან არ გაუშვეს, მიიჩნიეს, რომ არ უნდა შემოეტანათ განცხადება. ამ საკითხზე rs.ge-ს მეშვეობით დამატებითი ინფორმაცია მივაწოდეთ და ვფიქრობთ, მაისის ხელფასებში ნათლად გამოჩნდება და მონაცემი, რაც გვაქვს, გაორმაგდება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ როცა ივლისში გაიცემა თანხები, კომპანიები უფრო მეტად და უფრო სწორ ინფორმაციას წარადგენენ შემოსავლების სამსახურში იმ თანამშრომელთა შესახებ, რომლებმაც ხელფასები ვერ აიღეს.

„ივნისი დაგვანახებს რეალურად, რამდენ ადამიანზე გადის. ივნისის შემდეგ ეკონომიკის შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება და ამის შემდეგ მეტი ადამიანი დარჩეს უმუშევარი, მცირედ არალოგიკურია. როდესაც 15 ივლისს ივნისის მონაცემებს წარმოადგენენ კომპანიები, ამის შემდეგ სწორად გვეცოდინება, ზუსტად რამდენი ადამიანი საჭიროებს ამ კომპენსაციას“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე გიორგი კაკაურიძემ.