2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებებით, რამდენიმე უწყებას დაფინანსება უმცირდება
2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებებით, რამდენიმე უწყებას დაფინანსება უმცირდება

2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის მიხედვით, რამდენიმე უწყების დაფინანსება მცირდება, მათ შორის ყველაზე მეტად – 251 მილიონი ლარით შემცირდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება.

ასევე, 127 მილიონი ლარით უმცირდება  ბიუჯეტი განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

ანტიკრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში ჯამურად როგორც კაპიტალური, ისე მიმდინარე ხარჯები 600 მილიონი ლარით მცირდება. დაზოგილი თანხის უდიდესი ნაწილი კი, სოციალურ ხარჯებზე მიიმართება.

უწყებების მიხედვით, ხარჯების შემცირება შემდეგნაირია: ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება 251 მლნ ლარით;  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 127.7 მლნ ლარით;  თავდაცვის სამინისტრო – 75 მლნ ლარით ლარით; ეკონომიკის სამინისტრო – 26 მლნ ლარით; სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო – 15 მლნ ლარით; ფინანსთა სამინისტრო – 12 მლნ ლარით; შსს – 10 მილიონი ლარით; საგარეო საქმეთა სამინისტრო – 3 მლნ ლარით.

გარდა ამისა, კორექტირებული ბიუჯეტის ფარგლებში 8 მლნ ლარით მცირდება საერთო სასამართლოების დაფინანსება, 4 მლნ ლარი მოაკლდება პარლამენტს, ასევე 35 მლნ ლარით შემცირდება თბილისის ტრანსფერი.