გიორგი გახარია - 70 წელს ასაკს ზემოთ პენსიონერებს პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და 250 ლარს მიაღწევს, მაღალმთიან სოფლებში კი, 300 ლარი იქნება
გიორგი გახარია - 70 წელს ასაკს ზემოთ პენსიონერებს პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და 250 ლარს მიაღწევს, მაღალმთიან სოფლებში კი, 300 ლარი იქნება

70 წელს ასაკს ზემოთ პენსიონერებს პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და 250 ლარს მიაღწევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტზე ფინანსთა სამინისტრომ და ყველა ეკონომიკურმა უწყებამ სისტემურად იმუშავა.

„ეს არის სერიოზული ნაშრომი, რომლითაც გადაზღვეულია როგორც ქვეყანაში შესაძლო ინფიცირების მეორე ტალღა, ასევე ყველა ის სოციალური რისკი, რომელიც შეიძლება, წლის ბოლომდე შეგვხვდეს. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ ბიუჯეტის პარამეტრებით შევინარჩუნეთ პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც გვქონდა გამოცხადებული წლის დასაწყისიდან, რა თქმა უნდა, წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები იყო აბსოლუტურად სხვა. ამ შენარჩუნებული მექანიზმებით, ჩვენს პენსიონერებს, 70 წელს ზემოთ, 1 ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით, მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მისი თქმით, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ პენსიონერთა საპენსიო სარგებელი 300 ლარი იქნება.

„გარდა ამისა, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი. რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვახერხეთ, ჩავდეთ დაზღვევის მექანიზმები, რომლებიც გარანტირებულად, ყოველწლიურად ჩვენს პენსიონერებს აძლევს შესაძლებლობას, პენსია გაიზარდოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ზრდა იქნება დაკავშირებული როგორც ინფლაციასთან, ასევე 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის 80-პროცენტიან მაჩვენებელთან.

„კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არის შექმნილი და დაფიქსირებული ქვედა ჩამკეტები, არც ერთ შემთხვვევაში, ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლის პირობებში, თითოეული ჩვენი პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს 70 წლამდე, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარს. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეუძლია, პენსიონერებს გარანტირებულად შესთავაზოს. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ყოველწლიურად მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი პენსიონერების მდგომარეობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, მაღალმთიანის სტატუსი წელს დამატებით 58 სოფელს მიენიჭა.

„რადგან აღვნიშნეთ მაღალმთიანი სტატუსის მატარებელ რეგიონებში განსაკუთრებული პენსიის ზრდა, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ წელს დამატებით 58 სოფელს მივანიჭეთ ეს სტატუსი და დღეის მდგომარეობით, 1800 დასახლებულ პუნქტს აქვს აღნიშნული სტატუსი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.