ანტარქტიკულ ზღვაში ფსკერიდან მეთანის გაჟონვა დააფიქსირეს — ის, რასაც მეცნიერები შიშობდნენ #1tvმეცნიერება
პირველად ისტორიაში, ანტარქტიკაში, მეცნიერებმა ზღვის ფსკერიდან მეთანის აქტიური გაჟონვა დააფიქსირეს. ეს გახლავთ პროცესი, რომელიც დიდი ალბათობით, გლობალურ დათბობას აჩქარებს.
მეთანი მძლავრი სათბურის აირია, რომელიც ასწრაფებს კლიმატის ცვლილებას და პლანეტას იმაზე გაცილებით სწრაფად ათბობს, ვიდრე ნახშირორჟანგი.
ყინულის ქვეშიდან გაჟონვის რისკზე მეცნიერები დიდი ხანია შიშობდნენ, მაგრამ მათი აზრით, ატმოსფეროში ამოსვლამდე მეთანს სავარაუდოდ გარკვეული მიკროორგანიზმები მოიხმარდნენ.
თუმცა, ამ ანტარქტიკაში პროცესის ეფექტიანობას ახალი აღმოჩენები ეჭვქვეშ აყენებს.
როგორც მკვლევრები პუბლიკაციაში იუწყებიან, მეთანის გაჟონვა პირველად 2011 წელს აღმოაჩინეს და ხუთი წელი დასჭირდა ამ ადგილას იმ მიკროორგანიზმების განვითარებას, რომლებიც ამ აირს მოიხმარენ.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არსებები ამ ზონაში უკვე გავრცელდა, მეთანი ატმოსფეროში მაინც გარბის.
„კარგი ამბავი ნამდვილად არ არის. მიკრობების გამოჩენას ხუთი წელი დასჭირდა და ამის შემდეგ, მეთანი ზღვის ფსკერიდან მაინც გარბის“, — ამბობს კვლევის ავტორი, ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოკეანოგრაფი ენდრიუ თურბერი.
თურბერის განცხადებით, ამ ზონაში გაზრდილი პირველი მიკრობები მოულოდნელი შტამი იყო და მათ საზოგადოებას შეიძლება ათი წელიც დასჭირდეს, რათა გარემოს სრულად მოერგოს და მეთანის მოხმარება დაიწყოს.
ზღვის ყინულის ქვეშ დიდი ოდენობით მეთანი ინახება. როგორც მკვლევრები შენიშნავენ, ანტარქტიდა დედამიწის ზღვის მეთანის მარაგის მეოთხედს ინახავს.
მეცნიერები დიდი ხანია შიშობენ მეთანის გაჟონვის შემთხვევაში პლანეტაზე მის გავლენაზე; გაჟონვის გამოწვევა კი ყინულის დნობას და გლობალური ტემპერატურის მატებას შეუძლია.
2018 წელს ნასა გვაფრთხილებდა, რომ არქტიკაში ყინულის დნობას შეიძლება მეთანის და სხვა აირების გამოყოფა გამოეწვია, რასაც წვლილი შეაქვს პლანეტის კიდევ უფრო სწრაფად გათბობაში.
ყინულებიდან მეთანის გამოყოფა ასევე მიჩნეულია გარდამტეხ წერტილად კლიმატის ცვლილებაში, რომლის იქითაც მზარდი ტემპერატურის ეფექტების შეჩერება ან უკუქცევა უკვე შეუძლებელია.
თუმცა, ანტარქტიდის რეგიონში მეთანის აქტიური გაჟონვა ამ დრომდე დაფიქსირებული არ იყო.
მკვლევრები აცხადებენ, რომ როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, ეს აირი გლობალური დათბობის შედეგად არ გამოიყოფა, რადგან როსის ზღვა, სადაც გაჟონვას აქვს ადგილი, მნიშვნელოვნად არ გამთბარა.
„ამ მეთანის საბოლოო წყარო ჯერ უცნობია“, — ამბობენ კვლევის ავტორები.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ეს აღმოჩენა გააღრმავებს მეცნიერების ცოდნას ანტარქტიკაში მეთანის მოხმარებისა და გამოყოფის შესახებ, რაც ამ დრომდე ძალიან მწირად არის შესწავლილი.
მკვლევართა განცხადებით, ის ფაქტი, რომ ამ დრომდე მეთანის ამგვარი გაჟონვა დაფიქსირებული არ იყო, ხელს უშლიდა ჩვენს წარმოდგენას პროცესებზე, რომლებიც არეგულირებენ ანტარქტიდაზე მეთანის გამოყოფას.
მათივე თქმით, იმის უკეთ შესწავლა, თუ როგორ მოქმედებენ მიკროორგანიზმები, მეცნიერებს შეატყობინებს, როგორ გამოიყოფა მეთანი ოკეანეებში ტემპერატურის მატების შედეგად.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს კვლევა აჩვენებს, რამდენად გაუცნობიერებელი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მიკროორგანიზმთა ცვლილებას და განვითარებას ზღვის მეთანის რეზერვუარებიდან სათბურის აირების გამოყოფაზე.
„ჩვენი შედეგები მიუთითებს, რომ გლობალური კლიმატის სამომავლო მოდელები შეიძლება გაუმჯობესდეს, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ დროს, რაც მიკრობულ საზოგადოებებს მეთანის ახალი წყაროსადმი საპასუხოდ სჭირდება“, — წერენ მკვლევრები.
თუმცა, დამატებითმა კვლევებმა შეიძლება, დიდი დრო წაიღოს. მკვლევართა შემდეგი ექსპედიციები კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.