ანტარქტიდის ყინულებს სულ უფრო და უფრო უჭირს საკუთარ საიდუმლოთა შენახვა.
მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის სიღრმეში, რომელიც უდიდესია მსოფლიოში, თხევადი წყლის უზარმაზარი ტბა იმალება.
მკვლევრებმა მას თოვლის არწივის ტბა უწოდეს და მიაჩნიათ, რომ მასში არსებული დანალექები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის შესახებ, მისი ძლიერ ადრეული ევოლუციიდან მოყოლებული.
„სავარაუდოდა, ამ ტბას მთელი აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის ისტორია უნდა ჰქონდეს შემონახული, მისი გაჩენის — 34 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან მოყოლებული, ისევე როგორც ცნობები მისი ზრდისა და ევოლუციის შესახებ მას შემდეგ მომხდარ მყინვარულ ციკლებში. ჩვენი დაკვირვებები ასევე მიუთითებს, რომ ყინულოვანი საფარი მნიშვნელოვნად შეიცვალა დაახლოებით 10 000 წლის წინ, მაგრამ არ ვიცით, რატომ“, — ამბობს ტეხას-ოსტინის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი დონ ბლანკენშიფი.
მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდა დედამიწის ყველაზე ცივი ადგილია, ის მთლიანად გაყინული არ არის. კონტინენტზე გადაკრული სქელი ყინულის ქვეშ აღმოჩენილია თხევადი წყლის ასობით ტბა, რომლებსაც მყინვარქვეშა ტბებს უწოდებენ.
წყლის ასეთი რეზერვუარების არსებობის საშუალებას რამდენიმე ფაქტორი იძლევა. ყინულის მასა წარმოქმნის წნევას, რაც დრამატულად ამცირებს მის ქვეშ მომწყვდეული წყლის ყინვის წერტილს.
ამას გარდა, თავად ყინულოვანი საფარი უზრუნველყოფს ცივი ჰაერისგან დაცვას, ქვეშ არსებული ქანები კი ოდნავ გათბობის წყაროა. ასევე, თუ წყალი მლაშეა, მარილებით გაჯერებული, გაყინვის წერტილი კიდევ უფრო დაბლა ჩამოდის.
მყინვარქვეშა ტბების ამოჩენა ზემოდან, ყინულში შეღწევადი რადარით არის შესაძლებელი. რადარის სიგნალი ყინულში შედის და უკან აირეკლება, შემდეგ კი, გაგზავნილი და უკან დაბრუნებული სიგნალის შედარების მეშვეობით, მეცნიერებს შეუძლიათ შეისწავლონ, რა არის ყინულის ქვეშ.
თხევადი წყლიდან არეკლილი და უკან დაბრუნებული რადარული სიგნალი კაშკაშაა, ანუ უფრო მეტად ამრეკლავი, ვიდრე სხვები.
თოვლის არწივის ტბის შემთხვევაში, პირველი მინიშნება იყო ყინულოვან საფარში შემჩნეული დიდი დეპრესია, რომელიც თანამგზავრულმა ფოტოებმა ცხადყო.
შესაბამისად, მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ტეხას-ოსტინის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი შუაი იანი ხელმძღვანელობდა, ამ რეგიონის რადარული სიგნალებით შესწავლა გადაწყვიტა, სამი წლის განმავლობაში, 2016-2019 წლებში ასევე ზომავდნენ დედამიწის მაგნიტურ ველს.
რადარული მონაცემების ანალიზმა გამოავლინა ყინულის ქვეშ არსებული დიდი ლაქა, რომელიც ძლიერ კაშკაშებდა. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ეს გახლდათ თოვლის არწივის ტბა: ერთ-ერთი უდიდესი მყინვარქვეშა ტბა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
„შევხტი, როდესაც კაშკაშა რადარული არეკვლა დავინახე“, — ამბობს იანი.
წყლის რეზერვუარი ყინულოვანი საფარის ქვეშ, დაახლოებით 3,2 კმ სიღრმეში მდებარეობს და საკმაოდ მოზრდილია. სიგრძეში 43 კილომეტრს აღწევს, სიგანეში 15 კმ-ს, ჯამში 370 კვადრატულ კილომეტრს ფარავს და შეიცავს 21 კუბურ კილომეტრ წყალს. სიღრმე 200 მეტრია.
თოვლის არწივის ტბა მდებარეობს ყინულებში ჩაფლულ 1,6 კმ სიღრმის უსწორმასწორო კანიონში; რადარულმა სიგნალებმა ცხადყო, რომ იქ გაცილებით მეტი რამ არის, ვიდრე უბრალოდ ტბაში დამალული წყალი.
ტბის ფსკერზე ფხვიერი დანალექებია. გამომდინარე იქიდან, თუ რამდენი ხანი დასჭირდა ამ მყინვარქვეშა გარემოში დანალექთა აკუმულაციას, მკვლევართა ჯგუფს სჯერა, რომ ტბა ძალიან დიდი ხნის უნდა იყოს, ალბათ იმაზე ადრინდელი, ვიდრე ყინულოვანი საფარი საერთოდ წარმოიქმნებოდა.
„ამ ტბაში დანალექები ძალიან დიდხანს გროვდებოდა, ალბათ იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც ანტარქტიკაში ყინული საერთოდაც არ იყო, როდესაც იქ დიდი ყინვები დაიწყო. არ გაგვაჩნია ყველა ამ მოვლენის ჩანაწერთა ერთ ადგილას თავმოყრის ადგილი, მაგრამ ამ ტბის ფსკერზე არსებული დანალექები შეიძლება ამისათვის იდეალური იყოს“, — ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის გლაციოლოგი მარტინ სიგერტი.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტბა დედამიწის ყველაზე არასტუმართმოყვარე გარემოში, რამდენიმე კილომეტრის ქვეშაა ჩამარხული, შემდეგი დიდი გამოწვევაა უშუალოდ მასთან ჩაღწევა და ადგილზე შესწავლა.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ იდეალური იქნებოდა სიახლოვეს სადგურის დამონტაჟება, რაც ამ ტბის კვლევას შედარებით გააადვილებს.
კვლევა ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.utexas.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.