ანტარქტიდის უდიდესი, ყველაზე საშიში მყინვარი მალე შეუქცევადი დნობის წერტილს მიაღწევს
დასავლეთ ანტარქტიდაზე, დაახლოებით ფლორიდის შტატის ზომის მყინვარი ყინულს ისე სწრაფად კარგავს, როგორც არასდროს. ტუეიტსის მყინვარი წელიწადში 8000 მეტრით უკან იხევს და სწორედ მის დნობაზე მოდის მსოფლიოში ზღვის დონის მატების 4 პროცენტი.
ამ მყინვარის დნობა უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია — ანტარქტიდის მთლიანი მყინვარული საფარი ახლა ექვსჯერ სწრაფად დნება, ვიდრე 40 წლის წინ.
1980-იან წლებში, ანტარქტიდა წელიწადში 40 მილიარდ ტონა ყინულს კარგავდა. ბოლო ათწლეულში ეს მაჩვენებელი წელიწადში 252 მილიარდ ტონამდე გაიზარდა.
ახლახან ჩატარებული კვლევის ავტორთა ცნობით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გაორმაგდა ხუთი ანტარქტიკული მყინვარის დნობის მაჩვენებელი. შედეგად, ტუეიტსის მყინვარი ნამდვილ საათის მექანიზმიან ბომბად იქცა.
ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ავტორები იუწყებიან, რომ ეს მყინვარი უდიდეს რისკს ფლობს ზღვის დონის სამომავლო მატებასთან მიმართებაში და სავარაუდოდ, შეუქცევადი დნობის წერტილისკენ მიემართება.
მეცნიერთა განცხადებით, მას შემდეგ, რაც ამ წერტილს მიაღწევს, ტუეიტსის მყინვარი მომდევნო 150 წელიწადში ყინულს მთლიანად დაკარგავს, რაც ზღვის დონის ნახევარი მეტრით აწევას უდრის.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ალექს რობელის თქმით, თუკი მყინვარი ამ რუბიკონს გადალახავს, მისი ყინულის დნობას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს, დედამიწაზე ტემპერატურის მატების შეჩერებაც კი.
ტუეიტსის მყინვარი დროთა განმავლობაში კომპრესირებული თოვლისგან წარმოქმნილი ყინულის უზარმაზარი მასაა. მიეკუთვნება ანტარქტიდის მყინვარულ საფარს — ვრცელ კონტინენტურ მყინვარს, რომელიც ფართობით აღემატება აშშ-სა და მექსიკას ერთად აღებულს.
ანტარქტიდას გარს აკრავს ყინულის სქელი ფენები და მოტივტივე ყინულის შელფები, რომლებიც ფიზიკურ ბარიერს წარმოქმნის ოკეანესა და კონტინენტის ყინულს შორის. ეს მოტივტივე ყინულები ერთგვარი დამბის როლს ასრულებს.
ბარიერი კონტინენტურ ყინულს ოკეანეში შეცურებისგან იცავს, სადაც ის გადნება და გამოიწვევს ზღვის დონის აწევას.
თუმცა, ოკეანის ტემპერატურის მატების კვალდაკვალ, ყინულის ამ ფენების საძირკველთან გამთბარი წყალი განაპირობებს მათ ქვეშიდან გადნობას. ამგვარი დნობის შედეგად ჩნდება უზარმაზარი ღრუებიც; მაგალითად, თებერვალში ტუეიტსის მყინვარის ქვეშ გიგანტური სიცარიელე აღმოაჩინეს.
ეს ღრუ იმდენად დიდია, რომ მასში 14 მილიარდი ტონა ყინული მოთავსდებოდა.
წლიდან წლამდე იზრდება ტუეიტსის მყინვარის ოკეანეში შეცურებული წილი, რადგან ოკეანის გამთბარი წყალი მას საძირკველს უთხრის.
გამომდინარე აქედან, მეცნიერები აქტიურად აკვირდებიან ტუეიტსის სახმელეთო ხაზს — წერტილს, სადაც კონტინენტური ყინული ხმელეთს სწყდება და წყალში შეცურებას იწყებს.
2014 წლის კვლევის მიხედვით, 1992-2011 წლებში ეს სახმელეთო ხაზი თითქმის 14 კილომეტრით გადაადგილდა. რაც უფრო შორს მიდის ეს წერტილი, უფრო მაღალია მყინვარის დნობის მაჩვენებელი.
გრენლანდიის მყინვარულ საფართან ერთად, ანტარქტიდის მყინვარულ საფარზე მოდის მსოფლიოს მტკნარი წყლის 99 პროცენტზე მეტი. ამ წყლის უმეტესობა ყინულისა და თოვლის მასაა, რომლის სისქეც ხშირად 3 კმ-ს აღწევს.
თუმცა, ადამიანთა საქმიანობის შედეგად, ატმოსფეროში ადის უფრო და უფრო მეტი სათბურის აირი; ამ აირთა მიერ გამოწვეული დამატებითი სითბოს 93 პროცენტს ოკეანეები შთანთქავს. ყინულის ფენებისა და მყინვარული საფარის დნობის უპრეცედენტო მაჩვენებელს სწორედ გამთბარი ჰაერი და წყალი იწვევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტუეიტსის მყინვარი ოკეანეში შეცურებისგან იცავს მეზობელ მყინვარებს. შესაბამისად, მისი კოლაფსის შემთხვევაში, სერიოზული დესტაბილიზაცია ემუქრება მიმდებარე მყინვარებსა და მთლიანად ანტარქტიდის მყინვარულ საფარს.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.