ანტარქტიდაზე უზარმაზარი ტბა უეცრად გაქრა — #1tvმეცნიერება
12:18, 28.06.2021
მსოფლიოს გათბობასთან ერთად, დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცივ ადგილებში გამაოგნებელი ცვლილებები ხდება — მოვლენები, რომლებიც ადამიანებს შეიძლება სრულიად შეუმჩნეველი დაგვრჩეს.
ახალ კვლევაში, თანამგზავრული დაკვირვებებით ერთი საოცარი ფენომენი გამოვლინდა: გიგანტური ტბის უეცარი გაქრობა ანტარქტიდაში, რომელიც 2019 წელს, მოულოდნელად გაუჩინარდა.
მკვლევართა განცხადებით, ის სულაც არ გახლდათ პატარა ტბა. მდებარეობდა აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე, ეიმერის შელფურ მყინვარზე და შეიცავდა 600-750 მილიონ კუბურ მეტრ წყალს.
ამ წყლის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჰაერში არ აორთქლებულა. მეცნიერთა განცხადებით, ამ შემთხვევაში, წყლის უზარმაზარი რეზერვუარი იმდენად დიდი გახდა, რომ ქვეშ არსებულმა ყინულის შრემ ვეღარ შეაკავა.
„მიგვაჩნია, რომ ამ ღრმა ტბაში აკუმულირებულმა წყლის მასამ მის ქვეშ არსებულ ყინულის ფენაში ბზარი გააჩინა და წყალი იქიდან ოკეანეში ჩაიჟონა“, — ამბობს ტასმანიის უნივერსიტეტის გლაციოლოგი როლანდ ვარნერი.
ამის შედეგად წარმოქმნილ წყალმოვარდნას ვარნერი ნიაგარას ჩანჩქერს ადარებს და ვარაუდობს, რომ მთლიანი ტბის ჩაცლას ქვეშ, ოკეანეში წყალი სამი დღე დასჭირდა, რასაც თანამგზავრული დაკვირვებებიც ადასტურებს.
გარდა იმისა, რომ NASA-ს თანამგზავრ ICESat–2-ის მონაცემები ამ სცენას ზემოდან გვაჩვენებს, ასევე დააფიქსირა ცვლილებები ყინულის საფარის სიმაღლეში, რაც იქიდან წყლის გადაადგილებას მოჰყვა.
როდესაც ოკეანეში შეტივტივებული შელფურ მყინვარზე მოთავსებული ასეთი გიგანტური ტბა ქრება, რა თქმა უნდა, ეს ყინული მაღლა აიწევს. მკვლევართა განცხადებით, ამ შემთხვევაში, ტბის მიმდებარე რეგიონმა დაახლოებით 36 მეტრით აიწია მაღლა.
ბოლო დროს ანტარქტიდაზე სულ უფრო ხშირად ჩნდება ყინულის ნადნობი წყლის ტბები და ნაკადულები, რაც კლიმატის ცვლილების შედეგად არის მიჩნეული, მაგრამ მკვლევრები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში არ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ტბის ქვეშ ყინულის დაბზარვაც ამ პროცესს დავუკავშიროთ.
თუმცა, ასეთი პროცესების მეთვალყურეობა აუცილებელია, რადგან როდესაც ეს ტბები არასტაბილურ შელფურ მყინვარებზე ჩნდება, ოკეანეში ჩაცლის შემთხვევაში, მათი წყალი ოკეანის წყლის მოცულობას ემატება, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს ზღვის დონის მატებაზე.
„პროგნოზების მიხედვით, ანტარქტიდის ზედაპირის დნობა 2025 წლისთვის გაორმაგდება, რაც სხვა შელფურ მყინვართა სტაბილურობასაც უქმნის საფრთხეს. ასეთ მყინვარებზე წარმოქმნილი ტბების ფსკერზე ყინულის ფენის დაბზარვის ფენომენის კვლევები ახლა მიმდინარეობს და ჯერ მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით“, — წერენ მკვლევრები.
ამასობაში კი, დედამიწის ყინულოვანი რეგიონებიდან ნადნობი წყლის ოკეანეში ჩადინებას დასასრული არ უჩანს.
მას შემდეგ, რაც 2019 წელს ეს ტბა გაუჩინარდა, 2020 წლის ზაფხულში მან კვლავ შევსება დაიწყო და მასში დღეში დაახლოებით მილიონი კუბური მეტრი წყალი ჩაედინებოდა.
უცნობია, გაუჩინარდება თუ არა ეს ახალი ტბაც ყინულის ნაპრალებში, მაგრამ მკვლევრები არც ამას გამორიცხავენ.