ანრი ოხანაშვილი - შედეგი გამოიღო მდიდარი „ენჯეოებისა“ და ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების ზეწოლამ, სამწუხაროა, როცა მათ დღის წესრიგს მოსამართლე აჰყვება
ანრი ოხანაშვილი - შედეგი გამოიღო მდიდარი „ენჯეოებისა“ და ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების ზეწოლამ, სამწუხაროა, როცა მათ დღის წესრიგს მოსამართლე აჰყვება

ვფიქრობ, შედეგი გამოიღო ბულინგმა და ზეწოლამ, რაც მდიდარმა „ენჯეოებმა“ და ოპოზიციურმა რადიკალურმა ჯგუფებმა განახორციელეს, რომ მოსამართლეები უნდა შემოწმდნენ და ცალკეულმა მოსამართლემ ამ ზეწოლას ვერ გაუძლო. მათ ჰგონიათ, რაღაც გაბედული ნაბიჯი გადადგეს, როცა გამოვიდნენ და ამბობენ, თურმე რა პრობლემაა შემოწმება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, როცა მათ დღის წესრიგს მოსამართლე აჰყვება და მოსამართლე როცა მედეგობას ვერ ავლენს, ის დადგება არა კანონისა და სიმართლის მხარეს, არამედ თავს დაუხრის კონკრეტულ ინტერესებს.

„მოსამართლეობის ყველა კანდიდატი იქნება პირველი, მეორე ინსტანციის თუ უზენაეს სასამართლოში, ვიდრე კანდიდატი გახდება, კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებას ექვემდებარება. ეს იმას ნიშნავს, რომ თავის დროზე ეს მოსამართლეები კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასდნენ კონკრეტული იმ კონსტიტუციური ორგანოების მეშვეობით, რომლებიც ქვეყანაში გვაქვს. საკითხის ისე დაყენება, რომ მოსამართლეების შეფასება კიდევ უნდა მოხდეს, ეჭვებს ბადებს, რას ემსახურება ამ კრიტერიუმებით ერთხელ უკვე შემოწმებული მოსამართლეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ კონკრეტული პირების თუ ექსპერტების მხრიდან შეფასება, რა არის ამის საფუძველი? ამის საფუძველს ვერ ასახელებენ. ალბანეთის მაგალითზე საფუძვლად სისტემური კორუფციის პრობლემა დაასახელეს, რაც ვერცერთ შემთხვევაში საქართველოში ანალოგად ვერ იქნება გამოყენებული, რადგან საქართველო მექრთამეობის სიმცირის თვალსაზრისით მსოფლიოში მე-13 ადგილს იკავებს, ხოლო ევროპაში საუკეთესო ათეულშია.

რაც შეეხება ცალკეულ მოსამართლეთა განცხადებებს, რომ ძალიან გაბედულები არიან, თითქოს არ უშინდებიან რაღაც შეფასებას, ვფიქრობ, შედეგი გამოიღო ბულინგმა და ზეწოლამ, რაც მდიდარმა „ენჯეოებმა“ და ოპოზიციურმა რადიკალურმა ჯგუფებმა განახორციელეს, რომ მოსამართლეები უნდა შემოწმდნენ. ცალკეულმა მოსამართლემ ამ ზეწოლას ვერ გაუძლო და მათ ჰგონიათ, რომ ამ დამოკიდებულებით რაღაც გაბედული ნაბიჯი გადადგეს, როცა გამოვიდნენ და ამბობენ, თურმე რა პრობლემაა შემოწმება. მოსამართლეს, სავალდებულო წესით, მედეგობა უნდა ახასიათებდეს, რომ არ დაექვემდებაროს და არ დაემორჩილოს მარტივად თავს მოხვეულ აზრს. მათ მედეგობის ეს ტესტი ვერ ჩააბარეს.

ძალიან სამწუხაროა, როცა მდიდარი „ენჯეობისა“ და რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მოსამართლე აჰყვები და არ იხელმძღვანელებ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით, რომელიც მისთვის არის უზრუნველყოფილი. მოსამართლე როცა მედეგობას ვერ ავლენს, ნიშნავს, რომ ის მოწყვლადია. დიდი რისკი არსებობს, რომ კონკრეტულ გახმაურებულ საქმეზე თუ სხვა საკითხზე მოწოდების სიმაღლეზე ვერ იქნება, დადგება არა კანონისა და სიმართლის მხარეს, არამედ თავს დაუხრის კონკრეტულ ინტერესებს. ამით თავდაყირა დააყენებს ჭეშმარიტების დადგენის იდეას კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. რაც შეეხება საკითხს, ცალკეული მოსამართლეები ხომ არ პოზიციონირებენ მიზანმიმართულად, თუ ეს ასეა, რაც გამორიცხული არ არის, მაშინ გამოდის, რომ, მოსამართლეობის ნაცვლად, თავს წარმოადგენენ, როგორც კონკრეტული „ენჯეოს“ წარმომადგენლები და მათი ინტერესების გამხმოვანებლები. ესეც მეორე უკიდურესობაა. უმძიმესი რამეა, როცა მოსამართლე ექვემდებარება არა კონსტიტუციას, არამედ ცალკეულ მდიდარ „ენჯეოებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.