ანრი ოხანაშვილი - საქართველოს კონსტიტუცია გვავალდებულებს, რომ მსჯავრდებული პირის პარლამენტის წევრობა არ შეიძლება
ანრი ოხანაშვილი - საქართველოს კონსტიტუცია გვავალდებულებს, რომ მსჯავრდებული პირის პარლამენტის წევრობა არ შეიძლება

საქართველოს კონსტიტუცია გვავალდებულებს, რომ მსჯავრდებული პირის პარლამენტის წევრობა არ შეიძლება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ვალდებულია კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედოს.

„მეც და ჩემს კოლეგებს კონსტიტუცია გვავალდებულებს, რომ მსჯავრდებული პირის პარლამენტის წევრობა საქართველოს კონსტიტუციით დაშვებული არ არის. ამიტომ ვალდებული ვარ, კონსტიტუციის შესაბამისად ვიმოქმედო და უფლება არ მაქვს, კონსტიტუცია დავარღვიო. ფორმალურად ამას განიხილავს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და შემდგომ უკვე ამას კენჭი პლენარულ სხდომაზე ეყრება. ეს ფაქტის დადგენაა. განაჩენი დამდგარია. ეს განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული, რომელიც ძალაში გამოცხადებისთანავე შევიდა. შესაბამისად, აქ მხოლოდ ფაქტის დადგენაა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილის თქმით, თუ მეორე ინსტანციის სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, არსებობს სამართლებრივი გზ

„შესაძლებელია, რომ ადამიანი ამბობდეს, რომ ის მკვლელობაში ბრალდებული არ არის. ვინმეს ბრალად მკვლელობა ედებოდეს და პირველმა ინსტანციამ განაჩენი გამოუტანოს. ეს ადამიანი ამბობდეს, რომ მე არ ვარ მკვლელი. ამ შემთხვევაში თქვენ რას ფიქრობთ, ამ პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისრის და არ უნდა მოხდეს მისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება? შესაძლოა აღმოჩნდეს გარემოება და გამართლდეს ან შეიცვალოს განაჩენი, არსებობს სხვადასხვა სამართლებრივი გზები რომლითაც კომპენსაციის გაცემა მოხდება. ჩვენ საქართველოს კონსტიტუცია გვავალდებულებს, რომ მსჯავრდებული პირის პარლამენტის წევრობა არ შეიძლება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე 12 დეკემბერს იმსჯელებს. ამ საკითხის განხილვის მიზნით, დღის პირველ ნახევარში კომიტეტის სხდომა გაიმართება, საკითხის წარდგენა კი მოგვიანებით, პლენარულ სხდომაზე მოხდება. როგორც საქართველოს პირველ არხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებაა. „ეს არის ფორმალური ნაწილი, რადგან კონსტიტუციური ჩანაწერი უნდა შესრულდეს იმ პირის მიმართ, რომელიც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.

რეგლამენტის გათვალისწინებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.