„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას ჯარიმა და ორი წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა განესაზღვრა, ზურაბ ადეიშვილს კი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ნიკა მელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. სსკ-ის 332-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რაც სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი და 25 000 ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, ხოლო 205-ე მუხლში კი გამართლდა (ქონების დამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით).
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, ადეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას ხუთი წლითა და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა.
ამასთან, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლით და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა ნიკა მელია.
აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ხოლო ნიკა მელიას 25 000-ლარიანი გირაო.
დღევანდელ სასამართლო სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ესწრებოდნენ.