ანრი ოხანაშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერა სასამართლო სისტემაში კოლაფსს გამოიწვევს
ანრი ოხანაშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერა სასამართლო სისტემაში კოლაფსს გამოიწვევს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან არაკოლეგიალობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და მას რეგლამენტი არ დაურღვევიათ.

მისივე თქმით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

„არ არის კოლეგიალური დამოკიდებულება. ვინც კოლეგებთან ასე საუბრობს, ვურჩევ, რომ ეს არ წაადგება კოლეგიალურ მუშაობას. არ მაქვს სურვილი, მსგავს პაექრობაში შევიდე. შემიძლია ვთქვა, რომ რეგლამენტი არ დარღვეულა. ვმოქმედებთ რეგლამენტის შესაბამისად. იურისტები ვართ და თუ იურისტი სვამს ასეთ კითხვას, სულ მცირე, უნდა მიუთითოს რეგლამენტის რომელი მუხლი დაირღვა. ამას ვერ მიუთითებს, შესაბამისად, უხერხულია ასე საუბარი. ბიუროს წარედგინება დასკვნა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შეადგინა. როგორც კი ჩაინიშნება, ბიუროს ექნება აღნიშნული დასკვნა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ბესელიას ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებებთან დაკავშირებით და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, ოხანაშვილი ამბობს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაისვა საკითხი, რომ წარდგენილი კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებდა კონსტიტუციურობის მინიმალურ სტანდარტსაც კი.

„ეს ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ვენეციის კომისიის დასკვნას და ევროსაბჭოს რეკომენდაციებს. ეს სულისკვეთებაა გატარებული პოლიტსაბჭოს განცხადებაში. ჩვენ გვსურს კიდევ უფრო ეფექტიანი სასამართლო სისტემა. ვაგრძელებთ მუშაობას მართლმსაჯულების სფეროში, რათა დაიხვეწოს რეგულაციები და ნორმები. გვაქვს სურვილი, კიდევ უფრო უკეთესი სასამართლო სისტემა მივიღოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, წარდგენილი კანონპროექტი ვერ პასუხობდა მიზანს, რომ მის ავტორებს უკეთესი სასამართლო სისტემის მიღება სურდათ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, კანონპროექტის მხარდაჭერა სასამართლო სისტემაში კოლაფსს და გადატვირთვას გამოიწვევს.

„რაც მთვარია, აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორებიდან რამდენიმე არიან უშუალოდ ავტორები იმისა, რომ უვადოდ დანიშვნები გამართლებულია. ხომ არ შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ მათ მიერვე მხარდაჭერილი კანონები აღარ მოსწონდეთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დღეს დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე ჯერაც არ არის ხელმოწერილი და ამ დრომდე კომიტეტს ბიუროსთვის დასკვნა და მასალები გაგზავნილი არ აქვს, რაც მისივე შეფასებით, რეგლამენტის დარღვევაა.

ამასთან, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.