ანიმაცია, რომელიც დაგარწმუნებთ, რატომ უნდა აცრათ თქვენი ბავშვები სასწრაფოდ
ადამიანისგან, რომელსაც ვაქცინაცია არ სურს, ალბათ ყველაზე ხშირად გაიგებთ კითხვას — „თუ ყველა აცრილია, რა მნიშვნელობა აქვს, მეც ავიცრები თუ არა?“
პასუხი მთლად პირდაპირი არ არის, რადგან მიზეზი, რის გამოც ამ ადამიანს ვაქცინაცია სჭირდება, ისევე როგორც მიზეზი, რის გამოც ის ფიქრობს, რომ ეს პროცედურა არ სჭირდება, ბოლოს ერთსა და იმავე რამემდე მიდის — ე. წ. ჯოგურ იმუნიტეტამდე.
Reddit-ის მომხმარებელმა theotheredmund-მა 2017 წელს შექმნა ანიმაცია, რომელიც სულ რაღაც 20 წამში, გადასარევად წარმოაჩენს, რა არის ჯოგური იმუნიტეტი.
ანიმაცია თამამად შეგიძლიათ აჩვენოთ ნებისმიერს, რომელიც გკითხავთ, თუ რატომ არის მისი და მისი ბავშვების ვაქცინაცია აუცილებელი.
მოკლე პასუხი შემდეგია — ეს მხოლოდ შენ კი არ გეხება, არამედ ეხება მოწყვლად ხალხს, რომლებსაც აცრა არ შეუძლიათ. მაგალითად, ჩვილ ბავშვებს ან ადამიანებს, ვინც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან.
How Herd Immunity Works
ანიმაციაში წითელი არის შეჭრილი პათოგენი. როგორც ხედავთ, რაც უფრო მეტი ადამიანია საზოგადოებაში მის წინააღმდეგ აცრილი, მით უფრო ძნელია მისი გავრცელება და პათოგენი თითქმის ადგილზევე ჩერდება.
თუმცა, როგორც კი ვაქცინაციის მაჩვენებელი 90 პროცენტზე დაბლა ჩამოდის, პათოგენი გაშმაგებით ვრცელდება. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი აიცრას ყველა, ვისაც ეს შეუძლია.
ჯოგური იმუნიტეტი ნიშნავს იმას, რომ თუ საჭირო ოდენობის ხალხია იმუნიზებული კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ, დაცულია ყველა, ისინიც კი, ვინც აცრილი არ არის.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ხალხი იცავს იმ ადამიანებს, რომლებსაც აცრა არ შეუძლიათ, იქნებიან ეს ჩვილი ბავშვები, აივ-ინფექციით დაავადებულები თუ ქიმიოთერაპიის კურსში მყოფი ადამიანები.
საშუალო დონის ვაქცინაციაზე ჩანს, რომ დაავადება სუსტდება, მაგრამ არ არსებობს ძლიერი დაცვა აუცრელთათვის. მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის დონე საკმარისად მაღალ ნიშნულს აღწევს, დაავადებას ყველა გზა ეჭრება. მისი სწრაფად გავრცელება შეუძლებელი ხდება, რადგან მას გზად ხვდებიან ვაქცინირებული ადამიანები და შესაბამისად, მოსახლეობის უმეტესობაც დაცულია.
თუმცა, თუ აცრაზე უარს იტყვიან ის ადამიანები, ვინც ინტერნეტში ვაქცინების შესახებ უარყოფითი დახასიათებები წაიკითხეს, საფრთხე ემუქრება ჯოგურ იმუნიტეტს და საზოგადოების წევრების უსაფრთხოება ეჭვქვეშ დგება.
ჯოგური იმუნიტეტი გავლენას ახდენს ყოველ ჩვენგანზე, მაგრამ სამწუხაროდ, მის არსს ძალიან ცოტა ადამიანი იაზრებს. იმედია, ეს ანიმაცია ამ მხრივ ოდნავ მაინც შეიტანს დადებით წვლილს.
მთავარი მიზეზი, რის გამოც ბოლო წლებში მსოფლიოში საგრძნობლად იკლო ისეთი დაავადებების შემთხვევებმა, როგორებიცაა წითელა და პოლიომიელიტი, სწორედ ჯოგური იმუნიტეტის დამსახურებაა.
როდესაც ვაქცინაციას იკეთებთ, დიახ, ამას ნამდვილად აქვს უზარმაზარი გავლენა იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ცხოვრობთ!