ანი წითლიძე - მესამე პრეზიდენტი როდესაც ციხეშია და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს ვერ ვხედავ, მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა
მესამე პრეზიდენტი როდესაც ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ წითლიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„მე არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ, ზუგდიდში ვარ. მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა. (არც მქონია, ისე ვიბრძოდი) „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
შეგახსენებთ, პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინდელ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ტოვებს. დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი ძალიან შთამბეჭდავი იყო და მის პოზიციას იზიარებს. „ჩემი რჩევა იქნება ყველა თანამებრძოლისა და წესიერი ხალხისადმი პარლამენტში, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.