ანი წითლიძე უკვე ყოფილ თანაპარტიელებს მიმართავს - ბოლომდე გულწრფელები თუ ხართ, უნდა დატოვოთ „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული მანდატებიც საკრებულოებში, მაღალი ხელფასები
ანი წითლიძე უკვე ყოფილ თანაპარტიელებს მიმართავს - ბოლომდე გულწრფელები თუ ხართ, უნდა დატოვოთ „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული მანდატებიც საკრებულოებში, მაღალი ხელფასები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანი წითლიძე ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრის მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა.

ანი წითლიძის თქმით, სამწუხაროა, რომ მათ ერთიანობასთან დაკავშირებით სააკაშვილის არცერთი განცხადება არ გაითვალისწინეს.

„ვწუხვარ, რომ ზუგდიდში ამ ადამიანებისთვის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებზე, ერთიანობაზე, ერთიანობის მანიფესტზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნიკა მელია. ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი აღმოჩნდა ნიკა მელია. ეს ადამიანები თავიანთი პოზიციებით, ფაქტობრივად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თანხვედრაში არ მოდიოდნენ პარტიის პოზიციებთან, უბრალოდ, დღეს ეს ოფიციალურად გააფორმეს. თითოეულ მათგანს უნდა ესმოდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი გაუვლია არაერთხელ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ცოცხალი ორგანიზმი, ვიღაც წავა, ვიღაც მოვა. ცხადია, თითოეული ადამიანი არის დანაკლისი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში არ არის კონკრეტული სახელი და გვარები, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში არის თავისი მრავალათასიანი ამომრჩეველი და მიხეილ სააკაშვილი. ეს ადამიანები, ბოლო ერთი წელია, პარტიის არანაირ გადაწყვეტილებას არ ემორჩილებოდნენ.

მოვუწოდებ მათ, ბოლომდე გულწრფელები თუ ხართ, ასევე უნდა დატოვოთ „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული მანდატები საკრებულოებში და „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები, კომისიები. ასევე მაღალი ხელფასები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ აქვთ, რომ არიან და იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები. ამიტომ მივმართავ, თუ ბოლომდე გულწრფელები არიან, თუ არა და, ისინიც იქნებიან ისეთივე მანდატების ქურდები, როგორსაც სრულიად სამართლიანად ეძახდნენ 2016 წელს ჩვენგან გასულ ადამიანებს.

ბათუმში როცა დატოვეს, გვქონდა ინფორმაცია, რომ შემდეგ იქნებოდა ზუგდიდი, შემდეგ იქნება სხვა ქალაქები, სადაც ნიკა მელიას თავისი წარმომადგენლობა ჰყავს. გულწრფელად გითხრათ, მათი გეგმები არ მაინტერესებს. თითოეულმა ამ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის მათი პირადი პასუხისმგებლობა და ყველა პასუხს აგებს თავის ქმედებებზე, მათ შორის, არჩევნების შედეგების მიხედვით. სამწუხაროა, რომ პირად წყენებზე, ამბიციებზე ზემოთ ვერ აყენებენ ერთობას“, – განაცხადა ანი წითლიძემ.