ანი წითლიძე - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, უპირველესად, საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, თავისი იმპიჩმენტის საკითხი ნაკლებად აღელვებს, სააკაშვილის შეწყალებაზე არ გვისაუბრია
ანი წითლიძე - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, უპირველესად, საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, თავისი იმპიჩმენტის საკითხი ნაკლებად აღელვებს, სააკაშვილის შეწყალებაზე არ გვისაუბრია

პრეზიდენტთან შეხვედრაზე, უპირველესად, საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. როგორც გამოიკვეთა, ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც ამ წუთას აღელვებს საქართველოს პრეზიდენტს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საკითხი ნაკლებად აღელვებს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება როცა ყველაფერს აკეთებს, ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საბოტაჟი მოუწყოს კანდიდატის სტატუსს, ამ დროს რა არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად – საქართველოს პრეზიდენტმა, ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა, საქართველოს მოქალაქეებმა. იმპიჩმენტთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. პრეზიდენტს თავისი იმპიჩმენტის საკითხი ყველაზე ნაკლებად აღელვებს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაგვაცნო, როგორია საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ვიმსჯელეთ, როგორი უნდა იყოს გამოსავალი, ოპოზიციამ, მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა რა უნდა გავაკეთოთ საბოლოო შედეგამდე“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

ამასთან, ანი წითლიძის თქმით, შეხვედრაზე სააკაშვილის შეწყალების საკითხზე არ უსაუბრიათ.

„მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე არ გვისაუბრია. ეს არ არის ჩემი პირველი შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და არც უკანასკნელი, კომუნიკაცია გვაქვს მუდმივად. სალომე ზურაბიშვილმა იცის ჩემი პოზიცია, ასევე ჩვენ ვიცით მისი პოზიცია, რომელიც გაცხადებული აქვს. ჩვენ ვრჩებით იმავე აზრზე, რომ სააკაშვილის შეწყალება უმნიშვნელოვანესია, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ იმპიჩმენტის საკითხის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირება სპეკულაციაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო და შემდეგ აჰყვა ყველა“, – განაცხადა ანი წითლიძემ.