ანი წითლიძე - მოგმართავთ სპეცრაზმის თანამშრომლებს, თითოეული თქვენგანი გვყავს იდენტიფიცირებული, თითოეულის სახელი და გვარი იცის მთელმა საქართველომ, პარტნიორებმა
მინდა, მოგმართოთ სპეცრაზმის თანამშრომლებს, თითოეული თქვენგანი გვყავს იდენტიფიცირებული. თითოეული თქვენგანის სახელი და გვარი იცის მთელმა საქართველომ, საერთაშორისო პარტნიორებმა. არ გეპატიებათ ახალგაზრდებისთვის მოქნეული ხელკეტი, ჩვენი შვილების დარბევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ პარლამენტში განაცხადა.
წითლიძის თქმით, მათი არავის ეშინია.
„არავის ეშინია თქვენი. თქვენზე ძლიერები ვართ, თქვენზე ძლიერი იყო დღეს ერთი ნაცემი ლევან ხაბეიშვილი აქ, თქვენზე ამაყი იდგა და თვალებში ვერ უყურებდით, რადგან იცით, მართლები არ ხართ. თქვენ ახლა გაყიდეთ ამ ქვეყნის ევროპული მომავალიც და იკადრეთ ის, რაც არასდროს არ უკადრებია არცერთ ხელისუფლებას – დაარბიეთ, სასიკვდილოდ გაწირეთ ახალგაზრდები. თქვენგან განსხვავებით, სულ რომ ერთი დავრჩეთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე, სახელოვნად, გავიმარჯვებთ და თქვენ თავჩაქინდრული მოგიწევთ ამ ქვეყანაში ცხოვრება“, – განაცხადა ანი წითლიძემ.