საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თბილისში შეხვედრებს გააგრძელებს.
ანგელა მერკელი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. ვინ დაესწრება შეხვედრას, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდება.
ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ანგელა მერკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაინაცვლებს, სადაც სტუდენტებთან შეხვედრაა დაგეგმილი.
თსუ-ში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ გერმანიის კანცლერმა გუშინდელ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.
„განსაკუთრებულად ვამაყობ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექნება პატივი, ვისაუბრო ბატონ რექტორთან, სტუდენტებთან. ამ კონტექსტშიც არსებობს ათწლეულობით დაგროვილი ქართულ-გერმანული ძალიან მდიდარი ურთიერთობა და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ურთიერთობებს და ამ გამოცდილებას“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ესტუმრა. გერმანიის კანცლერი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. გუშინ ანგელა მერკელი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, შემდეგ კი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერსა და სამთავრობო დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.