მამუკა ბახტაძე - გვყავს ნამდვილი მეგობრები, რომლებიც ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე გვეხმარებიან
მამუკა ბახტაძე - გვყავს ნამდვილი მეგობრები, რომლებიც ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე გვეხმარებიან

გვყავს ნამდვილი მეგობრები, რომლებიც ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე გვეხმარებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ოფიციალურ ვახშამზე განაცხადა, რომელზეც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელსა და გერმანიის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და გერმანელი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ჩვენს მეგობრებს გერმანიიდან. 100 წლის წინ სწორედ ამ ქალაქში საქართველოს პირველი რესპუბლიკა დაარსდა. ნიშანდობლივი, თუმცა არც თუ ისე გასაკვირია, რომ გერმანია პირველი ქვეყანა იყო, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა. ახლა, 100 წლის შემდეგ იმავე ადგილას ვიმყოფებით ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე. უდავოა, რომ ეს გზა გამოწვევებით იყო აღსავსე, თუმცა მეგობრები გვყავს, ნამდვილი მეგობრები, რომლებიც ამ გზაზე გვეხმარებიან. ჩვენთვის ძალიან ემოციურია დიდი ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება. ამ მიზნისკენ სავალი გზა გამოწვევებით არის სავსე, თუმცა ვიცით, რომ მეგობრები გვყავს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.