დიმიტრი ცქიტიშვილი - ანგელა მერკელისგან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ველოდები ძალიან კონკრეტულ, მკაფიო გზავნილებს
დიმიტრი ცქიტიშვილი - ანგელა მერკელისგან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ველოდები ძალიან კონკრეტულ, მკაფიო გზავნილებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი ელოდება, რომ საქართველოში ვიზიტისას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გარკვეულ განცხადებას გააკეთებს რუსეთთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა მოლოდინი, რომ ანგელა მერკელმა ისაუბროს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე და დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია რუსეთთან მიმართებით.

„მაქვს მოლოდინი, რომ იმ შეხვედრიდან გამომდინარე, რომელიც ანგელა მერკელს ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, გარკვეულ განცხადებებს გააკეთებს, რადგანაც საქართველოში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არის. მოლოდინი მაქვს, რომ ეს კითხვა დაისმება, ამ კითხვაზე მისგან პასუხს გავიგებთ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ გერმანია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს.

„მოლოდინი მაქვს, რომ გვექნება ძალიან კონკრეტული საუბრები ეკონომიკურ, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, მხარდაჭერაზე იმ გამოწვევების მიმართ, რომლის წინაშეც საქართველო იმყოფება, კონკრეტულად ოკუპირებული ტერიტორიები იქნება ეს თუ სხვა უსაფრთხოების საკითხები რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. ამ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ველოდები, რომ ძალიან კონკრეტული, მკაფიო გზავნილები იქნება, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა. საქართველოში ორდღიანი ვიზიტისას ანგელა მერკელი პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.