ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ევროზონის ბიუჯეტის შექმნაზე შეთანხმდნენ
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბერლინის მახლობლად, მეზებერგის სასახლეში ევროკავშირის რეფორმებისა და მიგრაციის საკითხი განიხილეს.
როგორც ემანუელ მაკრონმა და ანგელა მერკელმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საფრანგეთი და გერმანია ევროზონის ბიუჯეტის შექმნაზე და ევროპაში მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად კოორდინირებულ ქმედებებზე შეთანხმდნენ. ლიდერები აცხადებენ, რომ საჭიროა საზღვრების დაცვის გაძლიერება, რისთვისაც ევროკავშირის მიგრაციის სააგენტოს „ფრონტექსის“ გაფართოება უნდა მოხდეს.
მაკრონისა და მერკელის განცხადებით, ევროკავშირისა და ევროზონის განვითარებაში ახალი თავი იწყება.
„ჩვენ ახალ თავს ვიწყებთ. ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროზონის ბიუჯეტი გამოყენებული იყოს ინვესტიციების გასაძლიერებლად, ასევე ევროზონის ერთიანობის გასამყარებლად“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, ევროზონის პირველი ბიუჯეტი შესაძლოა, 2021 წელს იყოს მიღებული.
ამას გარდა, ბერლინი და პარიზი ევროპული სავალუტო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც ევროზონაში ფინანსური სტაბილურობის დამატებითი ინსტრუმენტი იქნება.
გარდა ამისა, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები, ევროკავშირის კომისრების რაოდენობის შემცირებაზე შეთანხმდნენ.
რაც შეეხება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვას, მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა გლობალურ მოვლენებზე რეაგირება უფრო სწრაფად უნდა განახორციელოს. „ჩვენ ყოველთვის არ უნდა ველოდოთ აბსოლუტურ კონსუსს“, – აღნიშნა კანცლერმა.
გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტს უძღვოდა წინ.