ანდრო გოცირიძე - შსს-ს სტატისტიკა მოგვცემს გარკვეულ სურათს, რა მიმართულებით არის საჭირო რეფორმები
ანდრო გოცირიძე - შსს-ს სტატისტიკა მოგვცემს გარკვეულ სურათს, რა მიმართულებით არის საჭირო რეფორმები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა მოგვცემს გარკვეულ სურათს, რა მიმართულებით არის საჭირო რეფორმების გატარება, – ამის შესახებ სამართალდამცველთა და სპეცსამსახურების სტრუქტურების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შს სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი გიორგი გახარია სწორ ნაბიჯებს დგამს, ვინაიდან ჯერ დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა, ხოლო ამის შემდეგ, ალბათ, დაიწყება კრიმინალური პოლიციის დაანონსებული რეფორმა, ასევე მართლწესრიგის ინსპექტორების ინსტიტუტის შექმნა.

„სტატისტიკაში დანაშაულის ზრდის გარკვეული ტენდენცია არის, ეს ეხება გასულ 2017 წელს. როგორც ჩანს, კრიმინალის ზრდა იყო. მისასალმებელია, რომ სიმართლეს ვუყურებთ თვალებში, სწორი ნაბიჯია, რომ არ ვმალავთ სტატისტიკას. როგორც წესი, სამართალდამცველ სტრუქტურებსა და სპეცსამსახურებში გარკვეულ დონეზე გამჭვირვალობა არის დიდი ინდიკატორი, როდესაც სისტემა გამჭვირვალეა, თუნდაც ამ კუთხით, ეს ნიშნავს რომ სისტემას აქვს პოტენციალი რეფორმირება მოახდინოს საკუთარი თავის, შეიმუშაოს შედეგიანი კონცეფცია და ეფექტური ნაბიჯები გადადგას.

როგორც კი სისტემა იკეტება, საქმე მაშინვე უკან მიდის, პოლიცია კრიმინალთან უნდა იყოს მკაცრი და დაუნდობელი, მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი, ბოლო ტენდენციებში ეს ჩანს, რაც სასიხარულოა. კრიმინალი არ არის მხოლოდ შსს-ს პრობლემა და მისი დაფარვის ზონა, ეს ყველა ჩვენგანს აწუხებს“, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

შს სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ორი წლის შემდეგ, პირველად გამოაქვეყნა.