ანდრია ჯაღმაიძე - ადამიანებმა, რომლებიც ყოფით ნიადაგზე კონფლიქტში ჩაერთნენ, გამოიჩინეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა, რომ კონფლიქტი უფრო ფართო მასშტაბებში არ გადაზრდილიყო
ადამიანებმა, რომლებიც ყოფით ნიადაგზე კონფლიქტში ჩაერთნენ, გამოიჩინეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს კონფლიქტი არ გადაზრდილიყო უფრო ფართო მასშტაბებში, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ დმანისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგების შემდეგ განაცხადა.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ყველაფერი სიმშიდისკენ წარიმართა. ადამიანებმა, რომლებიც ყოფით ნიადაგზე კონფლიქტში ჩაერთნენ, გამოიჩინეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს კონფლიქტი არ გადაზრდილიყო უფრო ფართო მასშტაბებში. დეტალების გარკვეევის შემდეგ ამ ადამიანებმა მშვიდობისკენ გადადგეს ნაბიჯი. ჩვენ ყოველთვის ინტენსიურად გვაქვს მომართვიანობა მოსახლეობისგან და ვალდებულებაც გვაქვს, რომ გამოვიყენოთ ნდობის რესურსი, რაც ჩვენდამი არსებობს.
აქ ადგილობრივების თხოვნის ვართ. აქ ჩვენ გვყავს მრევლი და ეს მშვიდობა ყველას გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ დაძაბულობის საფუძველი აღარ არსებობს. გამოჩნდა, რომ მოსახლეობას ამ დაძაბულობის ფონზე მაღალი მზაობა აღმოაჩნდა, რომ იცხოვრონ მშვიდობით. ეს არის ხალხი, რომლებმაც ერთად უნდა იცხოვრონ და იციან, რომ ყოფით ნიადაგზე არსებული პრობლემა როგორღაც უნდა დასრულდეს“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.
დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ ინციდენტი მოხდა, რა დროსაც მაღაზიის მეპატრონე სცემეს, რომელსაც შემდეგ სამედიცინო დახმარება გაეწია. განადგურდა მაღაზიის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გუშინ გაავრცელა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მთელი ღამის განმავლობაში დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობდა. ამასთან, დმანისში დღეს ვითარება დილიდანვე დაიძაბა. ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, ვითარების განმუხტვას კი, სამართალდამცველები ცდილობდნენ.
აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეტიბარ ემინოვმა დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მხარეები შერიგდნენ. მისი თქმით, მხარეები შერიგებაზე შეთანხმდნენ და კონფლიქტს გაგრძელება არ ექნება.