აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი აცხადებს, რომ დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ - ჩვენი ხალხი არ დაუშვებს კონფლიქტის გაღვივებას
აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი აცხადებს, რომ დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ - ჩვენი ხალხი არ დაუშვებს კონფლიქტის გაღვივებას

აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეტიბარ ემინოვმა დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მხარეები შერიგდნენ. ამის შესახებ მუფტმა ხელისუფლებისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები შერიგებაზე შეთანხმდნენ და კონფლიქტს გაგრძელება არ ექნება.

„ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, ყველა მხარის – სასაულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით იქნა მიღწეული შეთანხმება, ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი. ჩემი, როგორც სასულიერო პირის სურვილი და რჩევა იქნება ადგილობრივების მიმართ, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. დარმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, კონფლიქტი გაღვივდეს, ისისნი ყოველთვის შერიგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრეები არიან. საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსს ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და ერთად ვიზრუნოთ გაძლიერებაზე“, – განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა, ეტიბარ ემინოვმა.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ დაპირისპირება მოხდა. ინციდენტისას მაღაზიის მეპატრონე სცემეს, რომელსაც შემდეგ სამედიცინო დახმარება გაეწია. განადგურდა მაღაზიის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გუშინ გაავრცელა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

მთელი ღამის განმავლობაში დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობდა. დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით კი, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ამასთან, დმანისში დღეს ვითარება დილიდანვე დაიძაბა. ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, ვითარების განმუხტვას კი, სამართალდამცველები ცდილობდნენ. დმანისის შესასვლელთან მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები.

ადგილზე დღესვე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი.

დატოვე კომენტარი