ანდრეი კასიანოვმა საქართველოს პირველ არხს საქველმოქმედო მარათონის, „გადავარჩინოთ უკრაინა“ გამართვისთვის მადლობის სიგელი გადასცა
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს პირველ არხს საქველმოქმედო მარათონის, „გადავარჩინოთ უკრაინა“ გამართვისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
ანდრეი კასიანოვი საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „თავისუფალი ხედვის“ სტუმარი იყო, რომელმაც სიგელი გადაცემის წამყვან გიორგი გვიმრაძეს გადასცა.
„მინდა, გადავცე საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩვენი მილოცვები უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის, ალექსანდრ ტკაჩენკოს მხრიდან მარათონის ჩატარებისთვის. ეს არის საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონი „გადავარჩინოთ უკრაინა“, – აღნიშნა კასიანოვმა.
გიორგი გვიმრაძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს მადლობა გადაუხადა და უკრაინელ ხალხს მშვიდობა უსურვა.
„კიდევ ერთხელ ვუსურვებ უკრაინელ ხალხს მშვიდობას და უპირველესად, საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას, ასევე იმ ტრაგედიის შეჩერებას საკუთარ მიწაზე, რომელსაც ისინი ახლა განიცდიან“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.