ხათუნა სამნიძე - ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხე იყო, რომ საერთაშორისო პარტნიორებს, მეგობრებს, ვინც ეს ქვეყანა ფეხზე დააყენა, ვეუბნებოდით, მტრები ხართ, თქვენი ინტერესი ჩემს ინტერესს არ ემთხვევა, როცა ერთი ინტერესი გვაქვს
ხათუნა სამნიძე - ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხე იყო, რომ საერთაშორისო პარტნიორებს, მეგობრებს, ვინც ეს ქვეყანა ფეხზე დააყენა, ვეუბნებოდით, მტრები ხართ, თქვენი ინტერესი ჩემს ინტერესს არ ემთხვევა, როცა ერთი ინტერესი გვაქვს

ჩვენ არ გვახსოვს შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება უსმენს საზოგადოებას და ისე იღებს გადაწყვეტილებას. მათი უკანდახევა, კანონის უკან წაღება და დღეს საუბარი უკვე სხვა ჭრილში, დასტურია, რომ მათ მოუსმინეს საზოგადოებას, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენაზე მათ პირისპირ ისხდნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ აგენტებს და ჯაშუშებს უწოდებდნენ, ასეთ ვითარებაში კი კონსტრუქციული საუბრის შესაძლებლობა რთული იყო და მათ ხმის აწევა უწევდათ.

„მათ შორის, მიკროფონებს გვითიშავდნენ, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც და პირველ ეტაპზე, როგორც გახსოვთ, ერთმანეთს დაუპირისპირეს მამაკაცი დეპუტატები. თითქოს რაღაც სცენარივით ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ მომზადებული, რომ მამაკაცი დეპუტატები გაერიდებინა პროცესს და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მანდატურებს ისინი გაჰყავდათ საკომიტეტო მოსმენიდან. დავრჩით მხოლოდ ქალი დეპუტატები და, ჩემი აზრით, ალბათ განცდა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რომ ადვილი იქნებოდა ქალ დეპუტატებთან გამკლავება, მაგრამ მათ ნახეს, რომ ეს ასე არ აღმოჩნდა და მოგვიწია ძალიან ხმამაღალი დაპირისპირება ერთმანეთთან“, – განაცხადა სამნიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ იყო ოპოზიციის ნაწილი კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის წინააღმდეგი და რამდენად შეიძლება, ამ პოზიციას ეწოდოს კონსტრუქციული, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ისიც მათ შორის იყო, ვისაც მიაჩნდა, რომ კანონპროექტის მუხლობრივ განხილვაში არ უნდა შესულიყვნენ, რადგან თავად ადამიანების უცხოური გავლენის აგენტებად დაყოფის პრინციპი იყო ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი და ოპოზიციის მხარეს ყველა ამ პოზიციაზე იყო.

ამასთან, ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს ოპოზიციის მხრიდან სამართლიანად დაერქვა რუსული კანონი და ამას ქვეყნის დასავლელმა პარტნიორებმაც რუსული გზა უწოდეს.

„ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ჩვენ ძალიან მყარად ვგრძნობდით თავს ამ ბრძოლაში. მე ძალიან მყარად ვგრძნობდი თავს, რადგან ვიცოდი, საზოგადოებაც ჩემ გვერდით იდგა და საერთაშორისო პარტნიორებიც“, – განაცხადა სამნიძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ არ აღმოჩნდა მისაღები ინიციატორთა შეთავაზება კანონპროექტიდან სიტყვა „აგენტის“ ამოღებასთან დაკავშირებით, სამნიძემ აღნიშნა, რომ ეს უკვე ფანდი იყო.

„ეს უკვე ფანდია. მაგალითად, როდესაც უნგრეთში მიიღეს ეს კანონი, იქ საერთოდ არ იყო ნახსენები სიტყვა „აგენტი“. არსი გახლდათ ის, რომ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და იღებენ საერთაშორისო დაფინანსებას არამტრულად განწყობილი ქვეყნებიდან, უნდა დარქმეოდათ ამ ქვეყნების გავლენის მქონე სუბიექტები. სათაური ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ უნგრეთშიც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო, თუმცა გაუქმდა. ქართულ რეალობაში, ჩვენს პოსტსაბჭოთა რეალობაში სიტყვა „აგენტი“ კიდევ უფრო ამძაფრებს ამ მიდგომას, პრინციპს, მაგრამ ამ სიტყვის ამოღება პრინციპს არ ცვლიდა. ეს იყო ერთგვარი ფანდი, რომელიც გაჟღერდა, მათ შორის, პირველ მოსმენაზეც, თავდაცვის კომიტეტზე და ამას ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა“, – განაცხადა სამნიძემ.

როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს კანონპროექტი მთლიანად ხლეჩდა საზოგადოებას და უპირისპირდებოდა საერთაშორისო პარტნიორებს.

„ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხე ეს იყო, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მეგობრებს, ვინც ეს ქვეყანა ფეხზე დააყენა, ვეუბნებოდით, თქვენ მტრები ხართ და თქვენი ინტერესი ჩემს ინტერესს არ ემთხვევა, როცა ერთი ინტერესი გვაქვს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.