ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი სირიაში ჩავიდა და ბაშარ ასადთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
„ბაშარ ასადთან შეხვედრის შემდეგ იგეგმება სირიისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა. ვიზიტის ფარგლებში ბიბილოვი ასევე შეხვდება სირიის პრემიერ-მინისტრს, იმად ჰამისს, სირიის პარლამენტის სპიკერს, ჰამუდ ას-საბაგს და სირელ ბიზნესმენებს“, – ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა 22 ივლისს ხელი მოაწერა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების“ შესახებ შეთანხმებას. თბილისში აღნიშნული ფაქტი დაგმეს და განაცხადეს, რომ დამასკოში ხელმოწერილ შეთანხმებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს.