ანატოლი ბიბილოვი - ოსების ნაციონალური იდეა ყოველთვის იყო ერთიანი ოსეთის რუსეთის იმპერიაში შესვლა, ეს კურსი არ უნდა შევცვალოთ
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ „ნომერ პირველი ამოცანა სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უნდა იყოს“.
„ოსები ნაციონალური იდეის გამო, 1920-იან, 1990-იან და 2008 წელს დაზარალდნენ. ეს იდეა ყოველთვის იყო ერთიანი ოსეთის რუსეთის იმპერიაში შესვლა და ეს კურსი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევცვალოთ – ეს ისტორიული ძაფია არ უნდა გავწყვიტოთ“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ ოსეთის მიმართულებით რკინიგზის მშენებლობის შესაძლებლობაზეც.
„ამ საკითხის განხილვა 2008 წელს დაიწყო. თუმცა, სანამ არ იქნება წარმოდგენილი ეკონომიკური საფუძვლები, მანამდე რკინიგზის მშენებლობას არავინ დაიწყებს. ჯერ ეკონომისტებს პროექტი არ წარმოუდგენიათ, მაგრამ თუ შევხედავთ პოლიტიკური კუთხით, მაშინ უნდა ვიმსჯელოთ რამდენად ეფექტური იქნება რკინიგზა, არსებულ ინფრასტრუქტურასთან შედარებით“, – თქვა ბიბილოვმა.
პრესკონფერენციაზე ოკუპირებული ცხინვალი რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება იტოვებს უფლებას, ნებისმიერ გზით დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება“. თუმცა ამავე დროს ბიბილოვმა განაცხადა, რომ „სოფელ წნელისთან, ქართული საგუშაგოსთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრას პოლიტიკური გზებით ეცდება.“