ალან გაგლოევი - მხარს ვუჭერ გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას რუსეთის შემადგენლობაში, მეორე საკითხია, დადგა თუ არა რეფერენდუმის დანიშვნის მომენტი, რატომ არ უნდა შეთანხმებულიყო ეს არჩეულ პრეზიდენტთან
ალან გაგლოევი - მხარს ვუჭერ გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას რუსეთის შემადგენლობაში, მეორე საკითხია, დადგა თუ არა რეფერენდუმის დანიშვნის მომენტი, რატომ არ უნდა შეთანხმებულიყო ეს არჩეულ პრეზიდენტთან

მე, როგორც ჩემი სამშობლოს შვილი და ხალხის მიერ არჩეული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიანი რუსეთის შემადგენლობაში, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით „მეორე საკითხია, დადგა თუ არა ახლა ის ისტორიული მომენტი, როცა საჭიროა რეფერენდუმის დანიშვნა და მისი ჩატარების ფორსირება“.

გაგლოევის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთება წარმოადგენს ოსი ხალხის საუკუნო ოცნებას, თუმცა ამასთან, მისივე თქმით, როგორც რუსეთის ფედერაციის სანდო სტრატეგიული პარტნიორი და სახელშეკრულებო ურთიერთობების ადეკვატური მხარე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ვალდებულია, დაიცვას რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პირველი მუხლი.

„მასში ნათქვამია, რომ „ხელშეკრულების მხარეები ატარებენ შეთანხმებულ საგარეო პოლიტიკას, რაც გულისხმობს მხარეების ინტერესების ურთიერთგათვალისწინებას თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში, ერთმანეთის ინფორმირებას ამ კუთხით განხორციელებული ქმედებების შესახებ“. ჩნდება კითხვა – განახორციელა თუ არა ანატოლი ბიბილოვმა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქმედებები, შეათანხმა თუ არა თავისი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილ პირებთან? იმედი მაქვს, რომ ეს ასეა, თორემ შეიძლება, 1992 წლის რეფერენდუმის ბედი განმეორდეს“, – განაცხადა გაგლოევმა.

ამასთან, მისი თქმით, 2014 წელს თვითგამოცხადებულმა დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებმა ჩაატარეს რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ მოსკოვთან შეთანხმების გარეშე და მათი მიზანი დღესაც არ არის მიღწეული.

ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, გაგლოევმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, „როგორ შეიძლებოდა, სამხრეთ ოსეთის არჩეულ პრეზიდენტთან რეფერენდუმის თარიღის შეუთანხმებლობა, იმის ცოდნის გათვალისწინებით, რომ რეფერენდუმის ღონისძიებების მთელი სპექტრი უნდა განახორციელოს მან, ამასთან საკადრო ცვლილებების პერიოდში“.

„დაფიქრდა ბიბილოვი რეფერენდუმისთვის მომზადების ხარისხზე და ასეთ ვითარებაში მის შედეგებზე? ჩემი მხრივ, მსურს დავარწმუნო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა – ალანიის სახელმწიფო, რომ ჩემი ქმედებები გამოცხადებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით, მიმართული იქნება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვისკენ, რუსეთის ფედერაციასთან კონსულტაციების გამართვისკენ და შეთანხმებების შესრულებისკენ“, – აღნიშნა გაგლოევმა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ალან გაგლოევის ე.წ. ინაუგურაცია 24 მაისს იგეგმება; ხოლო ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა.