ანალენა ბერბოკი - საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ბაიდენი ქვეყნის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებს
ანალენა ბერბოკი - საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ბაიდენი ქვეყნის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ის ქვეყნის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებს.

აღნიშნული განცხადება ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მედიასთან საუბრისას გააკეთა.

„მე დიდ პატივს ვცემ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენი თავისი ქვეყნის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებს. უფრო მეტიც, ჯო ბაიდენმა წარმოუდგენელი ძალისხმევა გასწია ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის და არამხოლოდ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ურთიერთობებში მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში“, – აღნიშნა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ახლა თავად ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი.

„დემოკრატიის ხიბლი ის არის, რომ არჩევნების შედეგი ამომრჩევლის ხელშია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დავაკვირდებით შეერთებულ შტატებს უახლოეს კვირებსა და თვეებში, რადგან ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა ჩვენი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მთავარია, მაგრამ ერთი რამ ასევე ცხადია: მიუხედავად არჩევნების შედეგისა, ჩვენ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ საკუთარ უსაფრთხოებაში. ევროპა უნდა გაძლიერდეს, განსაკუთრებით საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის“.