ჯო ბაიდენი ღაზაში მდებარე „ჰამასის“ გვირაბში ექვსი მძევლის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ჰამასის“ ლიდერები გადაიხდიან საფასურს დანაშაულებისთვის

11:48, 01.09.2024

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღაზაში მდებარე „ჰამასის“ გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედრის პოვნას ეხმაურება, რომელთაგან ერთ-ერთი აშშ-ის მოქალაქე იყო.

„განადგურებული და აღშფოთებული ვარ. ის იმ უდანაშაულო ადამიანთა შორის იყო, რომელთაც სასტიკად დაესხნენ თავს, როდესაც ისინი მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდნენ ისრაელში 7 ოქტომბერს“, – აღნიშნავს ბაიდენი 23 წლის ისრაელ-აშშ-ის მოქალაქის, ჰერშ გოლდბერგ-პოლინის შესახებ.

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი განაგრძობენ მუშაობას, რათა მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, რაც, თავის მხრივ, დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

„„ჰამასის“ ლიდერები გადაიხდიან საფასურს ამ დანაშაულებისთვის“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს.

მძევლებს შორის არის ისრაელ-აშშ-ის მოქალაქე, 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ექვსივე მძევალი „ჰამასმა“, სავარაუდოდ, ერთი ან ორი დღით ადრე მოკლა, ვიდრე ჯარისკაცები მათ იპოვიდნენ.

მსგავსი