ჯო ბაიდენი ღაზაში მდებარე „ჰამასის“ გვირაბში ექვსი მძევლის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ჰამასის“ ლიდერები გადაიხდიან საფასურს დანაშაულებისთვის
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღაზაში მდებარე „ჰამასის“ გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედრის პოვნას ეხმაურება, რომელთაგან ერთ-ერთი აშშ-ის მოქალაქე იყო.
„განადგურებული და აღშფოთებული ვარ. ის იმ უდანაშაულო ადამიანთა შორის იყო, რომელთაც სასტიკად დაესხნენ თავს, როდესაც ისინი მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდნენ ისრაელში 7 ოქტომბერს“, – აღნიშნავს ბაიდენი 23 წლის ისრაელ-აშშ-ის მოქალაქის, ჰერშ გოლდბერგ-პოლინის შესახებ.
ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი განაგრძობენ მუშაობას, რათა მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, რაც, თავის მხრივ, დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.
„„ჰამასის“ ლიდერები გადაიხდიან საფასურს ამ დანაშაულებისთვის“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს.
მძევლებს შორის არის ისრაელ-აშშ-ის მოქალაქე, 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ექვსივე მძევალი „ჰამასმა“, სავარაუდოდ, ერთი ან ორი დღით ადრე მოკლა, ვიდრე ჯარისკაცები მათ იპოვიდნენ.