ანა წითლიძემ, თამარ კორძაიამ და ირაკლი ზარქუამ პარლამენტში მეგრულ და სვანურ ენებზე გააკეთეს განცხადებები
ანა წითლიძემ, თამარ კორძაიამ და ირაკლი ზარქუამ პარლამენტში მეგრულ და სვანურ ენებზე გააკეთეს განცხადებები

დეპუტატებმა პარლამენტში მეგრულ და სვანურ ენებზე ისაუბრეს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თამარ კორძაიამ – სვანურ, ანა წითლიძემ და ირაკლი ზარქუამ კი მეგრულ ენაზე გააკეთეს განცხადებები.

თამარ კორძაიამ და ირაკლი ზარქუამ მას შემდეგ გააკეთეს განცხადებები, რაც ანა წითლიძემ დეპუტატებს მიმართა, გამოხატონ პოზიცია და ნუ შეეშინდებათ მეგრული, სვანური, ლაზური და წოვა-თუშური ენების მხარდაჭერა.

ამასთან, ანა წითლიძემ კოლეგებს მოუწოდა, პარტიული ინტერესები უკან დაწიონ და იმუშაონ, რათა მეგრული, სვანური, ლაზური და წოვა-თუშური ენების გადარჩენაში სახელმწიფომ თავისი აქტიური როლი შეასრულოს.

ანა წითლიძის განმარტებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და გამარჯვების კოალიციას აქვთ კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა მოხდეს ამ ენების განვითარება, ინსტიტუციური მხარდაჭერა და გადარჩენა.

აღნიშნულ საკითხზე ტრიბუნიდან ისაუბრა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ ქართველური ენების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა. მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ხელისუფლებაში, რადგან ეს თემა ქართული სახელმწიფოს მარადიული საზრუნავია.

ამავდროულად, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ მეგრული და სვანური ენები ასაზრდოებს ქართულ ენას და მართლაც გადასარჩენია, თუმცა, მისივე განმარტებით, ქართულ ენასაც დიდი პრობლემები აქვს. ინჯიამ მაგალითისთვის მოიყვანა ის, რომ სახელმწიფო დაწესებულებები ლათინური ასოებით აგზავნიან შეტყობინებებს. ფრიდონ ინჯიას განცხადებით, კანონი „ქართული ენის შესახებ“ არ კონტროლდება და ეს არის პარლამენტის ერთ-ერთი ამოცანა.