ანა მიქაძე-ჩიკვაიძე - რძის წვრილი მწარმოებლები, რომლებიც ადრე კონტროლს არ ექვემდებარებოდნენ, კონტროლს დაექვემდებარებიან
მთავრობამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რძის წვრილი მწარმოებლები, რომლებიც ადრე კონტროლს არ ექვემდებარებოდნენ, უკვე კონტროლს დაექვემდებარებიან, – ამის შესახებ ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში ქართული ყველის წარმოების უძველესი ტრადიცია და ამ დარგის დღევანდელი პერსპექტივები განიხილეს, რის მიმართაც უკვე მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები იჩენენ ინტერესს.
გადაცემის წამყვანთან საუბრის დროს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ დარგის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ქართული ყველის წარმოებაში ირანიდან იმპორტირებული გაყინული რძის გამოყენება დაასახელა. აღნიშნული პრაქტიკის შეზღუდვის დაპირება ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ გუშინ გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის მინისტრისაგან მიიღო.
ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოსაზრებით, ყველის მწარმოებლებს იმპორტირებული რძის გამოყენებას ვერავინ აუკრძალავს, რადგან, როდესაც ნედლეული უსაფრთხოა, ბიზნესი თავად აკეთებს არჩევანს, რა ნედლეული გამოიყენოს. თუმცა, პრობლემა მისი აზრით ის არის, რომ თუ იაფი იმპორტირებული ნედლეულის გამოყენება გაგრძელდა, ქართველი მერძევეები ბაზარს დაკარგავენ და გაქრებიან. მეორე მხრივ, ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე ცნობილი ქართული რძის პროდუქტები მხოლოდ ქართული რძით უნდა იწარმოებოდეს.
„აქ წმინდა პატრიოტულ ემოციაზე გადის ხაზი, რადგან ირანიდან იმპორტირებული გაყინული რძის შეძენის შემთხვევაში, ქართველი ფერმერები ფაქტობრივად, ბაზრის გარეშე რჩებიან, ქართველი მერძევეობა უბრალოდ, მოკვდება, რადგან მათ რძეს არავინ იყიდის, ფასშია განსხვავება, მიწოდება უფრო გარანტირებული და სტაბილურია. საქმე ისაა, რომ ჩვენთან ერთგვარი „ველური“ მიდგომაა ფასების მიმართ, არის ე.წ. ზაფხულის და ზამთრის ფასი. ეს დიფერენცირება ხარისხის მიხედვით არ ხდება – ამაში რასაკვირველია ფერმერული საზოგადოება სცოდავს. თუმცა, იმ მსხვილ ფერმერებთან, რომლებსაც მაღალპროდუქტიული საქონელი ჰყავთ ჩამოყვანილი და არაჩვეულებრივ რძეს აწარმოებენ, იქ ყველაფერი დაცულია. წვრილ ფერმერებს აქვთ პრობლემები. არის სანიტარიული პრობლემა, დაავადებების პრობლემა – ბევრი პრობლემაა. ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ნედლი რძე არაჩვეულებრივია. თუმცა ფხვნილისგან და ასეთი პასტა-რძეებისაგან არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა დედამიწის ზურგზე ყველს არ აკეთებს. რაღაც რძე-მჟავა პროდუქტებს აკეთებენ რასაკვირველია, როგორიცაა იოგურტი, ხაჭო და ა.შ. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებული გვაქვს იმერული ყველი, სულგუნი, მაწონი და სხვა ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე პროდუქტები, რომელთა არაქართული და არანედლი რძით წარმოება კანონით იკრძალება“, – განაცხადა მიქაძე-ჩიკვაიძემ.
მისი განმარტებით, რადგან ბიზნესს ჯანმრთელობისათვის უვნებელი ნედლეულის ვერცერთი სახეობის გამოყენებას ვერავინ აუკრძალავს, არჩევანი მომხმარებელმა თავად უნდა გააკეთოს. ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე მომხარებელს ურჩევს, პროდუქტის ეტიკეტი შეძენამდე გულდასმით წაიკითხოს, რადგან ის პროდუქტის შესახებ სრულ ინფორმაციას შეიცავს.
„მინისტრს არ აქვს უფლება, ბიზნესს წარმოება აუკრძალოს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების წინააღმდეგ წავიდეს. თუ საქმე ჯანმრთელობას ეხება – კი ბატონო, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქმე ამას არ ეხება. ლაპარაკია არჩევანზე. მივმართავ მომხარებელს, როცა რძის პროდუქტს ვყიდულობთ, კეთილი უნდა ვინებოთ და წავიკითხოთ ეტიკეტი. 2020 წლის პირველი იანვრიდან ეტიკეტირების წესები კიდევ უფრო მკაცრდება. მთავრობამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რძის წვრილი მწარმოებლები, ვინც ადრე კონტროლს არ ექვემდებარებოდნენ, უკვე კონტროლს დაექვემდებარებიან. ეს არ არის ვინმეს უფლების შეზღუდვა. ეს არის მომხმარებლის დაცვა და იმავე მეწარმის დაცვაც“, – განუცხადა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ბიზნესპარტნიორს“.