ანა მიქაძე-ჩიკვაიძე - დასავლეთში მიიჩნევენ, რომ ბოლო დროს აღმოჩენილი ქართული ყველის მივიწყებული სახეობები მარტო ქართველი ერის საკუთრება არ არის, ის ყველასია
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე - დასავლეთში მიიჩნევენ, რომ ბოლო დროს აღმოჩენილი ქართული ყველის მივიწყებული სახეობები მარტო ქართველი ერის საკუთრება არ არის, ის ყველასია

დასავლური მედია და სამყარო მიიჩნევს, რომ ბოლო დროს აღმოჩენილი ქართული ყველის უძველესი სახეობები მსოფლიო საგანძურის ნაწილია და მხოლოდ ქართველ ერს არ ეკუთვნის, – ამის შესახებ ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ქართული ყველის წარმოების უძველესი ტრადიცია და ამ დარგის დღევანდელი პერსპექტივები განიხილეს, რის მიმართაც უკვე მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები იჩენენ ინტერესს. გუშინ ბრიტანულმა „ბიბისიმ“ ქართული ყველის ხელახლა აღმოჩენილ სამ უძველეს სახეობას ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველო შესაძლოა, ყველის სამშობლოც არის.

„ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ აღნიშნა, რომ ქართული ყველის უძველესი სახეობებით საერთაშორისო ექსპერტები და მედია უკვე აქტიურად ინტერესდებიან, რაც ქვეყნისთვის პირდაპირი გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს.

„სანამ „ბიბისის“ სტატიაზე მუშაობას დაიწყებდა, ქართულ ყველზე სტატია ნიუ იორკში, მსოფლიო დონის მეოთხე რანგის კულინარიულ ჟურნალში დაიბეჭდა, ზუსტად ასეთივე პათოსით და იქაც აქცენტი სამ ყველზე იყო, რომელთა სახელებიც გახმაურებული არ არის და მათ ადვოკატირებას ახლა ვიწყებ. ასეთ სტატიებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირველ რიგში არის პასუხიმგებლობა. ამ სტატიას კითხულობს გურმანი საზოგადოება, ექსპერტები, ვინც ეძებს, სად გასინჯონ კარგი ღვინო და ყველი. ასეთი სტატიები პირდაპირი გზამკვლევია. ეს არ არის რიგითი აღიარება“, – განცხადა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.

მისი განმარტებით, მივიწყებული ყველის ახალი სახეობები მან ცნობილ ჟურნალისტსა და ბლოგერ დავიდ ფართან ერთად აღმოაჩინა, რომელიც მას სვანეთში, მესხეთსა და აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელ დისველში ჩატარებულ ექსპედიციაში გაჰყვა, როგორც ნიუ იორკში გამოცემული კულინარული ჟურნალის წარმომადგენელი. სწორედ მის სტატიას მოჰყვა „ბიბისის“ გამოხმაურებაც. ქართული ყველის მკვლევარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლური სამყარო უძველესი ტრადიციებით დამზადებულ ყველის სახეობებს მსოფლიო საგანძურად მიიჩნევს.

„ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არ არის მარტო ქართული საზოგადოების და ქართველი ერის საკუთრება. ასეთი აღმოჩენები ყველას ეკუთვნის – ეს არის მუდამ მათი პათოსი, რომ მსოფლიოში კიდევ ერთი ადგილია, სადაც მივიწყებული სახეობები აღდგა. ახლა ასეთი ტენდენციაა, რომ როგორმე ტრადიციებს დაუბრუნდნენ და რაღაც ისეთი იპოვონ, რაც ეკოლოგიურად სუფთაა, ტრადიციულია და საგემოვნო თვისებებითაც გამოირჩევა“, – განმარტა მიქაძე-ჩიკვაიძემ.

რაც შეეხება სტატიაში გამოთქმულ ვარაუდს, რომ საქართველო შესაძლოა, ყველის წარმოშობის ადგილია, მიქაძე-ჩიკვაიძე მიიჩნევს, რომ ამ მოსაზრებას ისეთ ცნობილ გამოცემებშიც შეხვდებით, როგორიც „ნეიშენალ ჯეოგრაფიკია“ და ამის თქმის საფუძველს გარკვეული არქეოლოგიური არტეფაქტები იძლევა.

„ეს ფრაზა არაერთხელ მომისმენია ექსპერტებისგან, მათ შორის, როდესაც 2010 წელს მსოფლიო მეღვინეთა 33-ე კონგრესი ჩატარდა. ამ ფესტივალის ფარგლებში ყველის პირველი ფესტივალიც გაიმართა. დელეგაციის ხელმძღვანელმა ეს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ არც კი ჩამოვდიოდით ავტობუსებიდან ყველის ფესტივალის სანახავად, რადგან რესტორნებში მხოლოდ ოთხი სახეობის ყველი მქონდა ნანახი და ისიც ძალიან მარილიანიო. მაგრამ როცა ჩამოვიდნენ და გასინჯეს ეს სხვადასხვა სახეობები, პირდაპირ ეთერში თქვა, ისე გავოგნდი, როცა ამდენი სახეობის ასეთი საგემოვნო თვისებების ყველი ვნახე, რომ თქვენ მგონი მარტო ღვინის კი არა ყველის სამშობლოც ხართო. მანამდე, ყველს ეთნოგრაფიის კუთხით ვსწავლობდი, მერე არქეოლოგიურადაც შევისწავლე. სპეციალისტებს მივმართე და პირველი, რაც ვიპოვე, იყო მცხეთის მუზეუმში საყველე ჭურჭელი, უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი, რაც ყველის მომზადებას სჭირდება და თითოეულის ასაკი არც მეტი არც ნაკლები 80 საუკუნეა“, – განუცხადა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ბიზნესპარტნიორს“.

„ბიბისიმ“ ქართული ყველის სახეობების შესახებ სტატია გამოაქეყნა.