„ამნესთი ინთერნეიშენალი“ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ამნესთი ინთერნეიშენალი“ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალი“ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორგანზიაცია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს მოვალეობას სამცხე-ჯავახეთის მთიან რეგიონში, ნინოწმინდის სკოლა-ინტერნატში ალტერნატიული მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ყველა ბავშვის უსაფრთხოება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მართულ ნინოწმინდის სკოლა-ინტერნატში ბავშვთა მიმართ სასტიკ მოპყრობაში, მათ შორის სქესობრივ ძალადობაში ბრალდებების ფონზე“, – აღნიშნულია ტექსტში.

უფლებადამცველების განცხადებით, ყველა ბრალდება საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად. გამოძიების დაწყებამდე, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს არსებული გარემოდან ან სავარაუდო დამნაშავეების ან მსხვერპლთა დაუყოვნებლივი გაყვანა.

განცხადების თანახმად, საქართველოს აქვს საერთაშორიო ვალდებულება, მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ბავშვების დასაცავად, მათ შორის, ალტერნატიული მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების ყველა სახის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ტრავმებისგან ან სასტიკი მოპყრობისგან, ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დასაცავად. ამგვარი დამცავი ზომები მოიცავს პრევენციისა და იდენტიფიცირების, გამოვლენის, სპეციალისტებთან გადამისამართების, გამოძიების, მკურნალობის, ასევე ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის შემთხვევების დროს შემდგომი დაკვირვების ეფექტიან პროცედურებს.

როგორც „ამნესთი ინთერნეიშენალში“ აცხადებენ, აღნიშნული ანგარიშის მომზადების დროს სკოლა-ინტერნატში რჩება 20-ზე მეტი ბავშვი სავარაუდო დამნაშავეებთან კონტაქტის პირობებში მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს ბავშვთა მიმართ სასტიკი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის საქმეებზე.

„სკოლა-ინტერნატში ბავშვთა ზუსტი რაოდენობა სადავოა, ხოლო ადგილობრივი უფლებადამცველების ცნობით, რამდენიმე ბავშვი სკოლა-ინტერნატში ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე ბინადრობს“, – აღნიშნულია განცხადების ტექსტში.

განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხანია, ჰქონდა ცნობები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სასტიკი მოპყრობის შესახებ ბრალდებებზე, თუმცა ვერ შეასრულა ეფექტიანი მონიტორინგი, ინდენტიფიცირება, გამოვლენა, გამოძიება და ბრალდებებზე რეაგირება.

„2015 წლიდან, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ნინოწმინდის სკოლა-ინტერნატში ბავშვებისთვის არასათანადო პირობების გამო, ასევე სახელმწიფოს მიერ რელიგიურ სკოლა-ინტერნატში ბავშვების ჩარიცხვისა და მათი საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობების მონიტორინგის შეუსრულებლობის გამო.

საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებულების ეფექტიანი მონიტორინგის უზრუნველყოფის, ძალადობის შემთხვევებზე სწრაფად რეაგირებისა და საქმის სერიოზულ გახმაურებამდე გამოძიების ჩატარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთება მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს პროცესის მიუკერძოებლობასთან და საქართველოს ხელისუფლების სურვილთან, სავარაუდო დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით. ამ შეშფოთებას ასევე აძლიერებს მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების განცხადებები, მათ შორის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, რომ მას „არ სურს, დაანგრიოს ურთიერთობა საპატრიარქოსთან“, – აღნიშნულია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.

ამნესთი ინთერნეიშენალი“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

უზრუნველყოს სასტიკი მოპყრობის ყველა ბრალდების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება და სავარაუდო დამნაშავეების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა;

ყველა სავარაუდო მსხვერპლი და დანაშაულის მოწმე ბავშვები უზრუნველყოს დაცვითა და დახმარებით, მათ შორის ფსიქოლოგიურით;

დაადგინოს ნინოწმინდის სკოლა-ინტერნატში ბავშვების ზუსტი რაოდენობა და გამოიძიოს ცნობები, რომ დაწესებულებაში ბავშვების ჩარიცხვა და გარიცხვა ხდებოდა პასუხისმგებელი სახელმწიფო სააგენტოებისადმი შეტყობინების გარეშე;

ბავშვთა უფლებების კონვენციის შესაბამისად, უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება ბავშვებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილებების მიღებისას. უზრუნველყოს თითოეული ბავშვის პირადი ცხოვრებისა და საოჯახო გარემოს, აგრეთვე განათლების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის უფლებების დაცვა, განსაკუთრებით გამოძიების პროცესში;

უზრუნველყოს მოწმეების დაცვა, მათ შორის ბავშვების და უზრუნველყოს, რომ მოწმეების მიმართ მუქარისა და შევიწროების ყველა ბრალდება ეფექტიანად იქნას გამოძიებული;

შეასრულოს გაერო-ს კომიტეტის დროებითი ზომა და უზრუნველყოს, რომ სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს ჰქონდეთ წვდომა ნინოწმინდის სკოლა-ინტერნატზე;

გამოიძიოს და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სახალხო დამცველის ოფისისა და აღნიშნულ საქმეზე მომუშავე ადგილობრივი უფლებადამცველების მიმართ შევიწროებისა და მუქარების შესახებ ცნობებზე;

უზრუნველყოს უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო, რომელშიც შესაძლებელია ადამიანის უფლებების დაცვა დასჯის, ანგარიშსწორებისა ან დაშინების შიშის გარეშე“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.