ამირან გულუაშვილი - ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით შეიძლება ჩაითვალოს უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, არის პატიმრობა
ამირან გულუაშვილი - ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით შეიძლება ჩაითვალოს უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, არის პატიმრობა

ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით შეიძლება ჩაითვალოს უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, არის პატიმრობა, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორის ვალდებულებას, მიმართოს სასამართლოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

„როგორც აღინიშნა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, ნიკა მელიამ საჯაროდ გამოსვლისას დემონსტრაციულად დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, რამაც წარმოშვა პროკურორის ვალდებულება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა უკვე გამოყენებული გირაოს ოდენობის გაზრდა. მიუხედავად ამისა, უფრო მკაცრმა აღკვეთის ღონისძიებამ, რომლის მიზანი იყო ბრალდებულს დაეცვა საქართველოს კანონმდებლობის და სასამართლოს გადაწყვეტილებების მოთხოვნები ვერ უზრუნველყო, ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები. ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საჯაროდ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე. ამ ვითარებაში გირაოს შემდგომი გამოყენება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. გამკაცრებული აღკვეთის ღონისძიების პირობა ნიკა მელიას მიერ არ შესრულდა. ნიკანორ მელიამ გამიზნულად არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს შეფარდებული ფულადი თანხის შესაბამის ანგარიშზე შეტანა და არც მისი უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ნიკა მელია საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც საკმარისია გირაოს უზრუნველსაყოფად. ასევე მის მიერვე 2020 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ამავე წლის დეკემბერში გააჩნდა საკმარისი თანხა გირაოს გადასახდელად“, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მეხუთე ნაწილი განსაზღვრას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების აუცილებლობას, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს მოცემული შემთხვევისთვის რელევანტური უფრო მკაცრი აღკვეთს ღონისძიება, რომელიც გირაოსგან განსხვავებით შეძლებს უზრუნველყოს ბრალდებულის სათანადო ქცევა.

„სასამართლოსათვის გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. იმ დროს, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მეხუთე ნაწილი განსაზღვრავს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც გირაოსგან განსხვავებით შეძლებს უზრუნველყოს ნიკანორ მელიას სათანადო ქცევა. სასამართლოსთვის გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდაზე უარის თქმა ბუნებრივად აჩენს მოლოდინს, რომ გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობის გამოყენება ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ლოგიკურ და პროპორციულ ღონისძიებად. შესაბამისად, ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად არის პატიმრობა“, – განაცხადა პროკურორმა.