არაერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ნიკა მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა საქართველოს პროკურატურის თვითმიზანი, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ნიკა მელიას სასამართლო პროცესამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„პროკურატურამ შეასრულა დადებული პირობა. როგორც თქვენთვის ცნობილია, ჯერ კიდევ 25 თებერვალს შევთავაზეთ დაცვის მხარეს, რომ მათი მხრიდან თუ მოხდებოდა გირაოს პირობების შესრულება, ბრალდების მხარე გამოთქვამდა მზადყოფნას, მიემართა სასამართლოსათვის ნიკანორ მელიასთვის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით გირაოთი შეცვლით თაობაზე. 8 მაისს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ნიკანორ მელიას სასარგებლოდ აღსრულების ბიუროს შესაბამის ანგარიშზე 40 ათასი ლარი განთავსდა. შესაბამისად, აღნიშნული პირობა ფაქტობრივად დაცვის მხარის მიერ არის შესრულებული. ჩვენ, ჩვენი შეთავაზების შესაბამისად, გუშინ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, რომლითაც მოთხოვნილია ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი. კერძოდ, გირაო 40 ათასი ლარის ოდენობით. ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა საქართველოს პროკურატურის თვითმიზანი. ის გარემოება, რომ იგი იმყოფება პატიმრობაში, გამოწვეული იყო ერთის მხრივ იმით, რომ მის მიმართ არსებობდა გარკვეული რისკები და სწორედ ამ რისკების აღმოსაფხვრელად აუცილებელი იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების კონკრეტულ სახეს პატიმრობას, ეს იყო ფაქტობრივად უალტერნატივო გარემოება იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ უფრო მსუბუქი ღონისძიება გირაო არ სრულდებოდა მისი მხრიდან“,- განაცხადა გულუაშვილმა.
პროკურორის თქმით, ადვოკატებს და თავად ბრალდებულსაც არაერთხელ უთქვამთ, რომ პროკურატურის შეთავაზება არ შეესაბამებოდა სამართლებრივ მოცემულობას და ის ტექნიკურადაც შეუძლებელი იყო, თუმცა გულუაშვილის თქმით, ახლა ყველამ ნახა, რომ ეს არათუ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, არამედ ძალიან მარტივად განხორციელებადი იყო ტექნიკურად.
„კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი პირის სასარგებლოდ ნებისმიერ პირს, ან ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა განათავსოს შესაბამის ანგარიშზე ის თანხა, რაც შეიძლება იქნას გამოყენებული გირაოს შესრულების მიზნით. მარტივი სამართლებრივი მოცემულობა განხორციელდა, კანონით გათვალისწინებული პროცედურა, რომელსაც არ კრძალავს კანონი და განსხვავებით ბრალდებულის და დაცვის მხარის განმარტებებისა, ნათლად დარწმუნდით, რომ 8 მაისს არა თუ ტექნიკურად შეუძლებელია, არამედ სრულ შესაბამისობაშია ჩვენს კანონმდებლობასთან. ყველამ მოვისმინეთ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბრიფინგი და მათი შეფასება სამართლებრივი. საია-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული წინადადებაში, ისევე როგორც იმ სამართლებრივ გზებში, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით დაცვის მხარეს, კანონშეუსაბამო არაფერი არ არის“,- განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, საქმე ეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს და ამით საქმე არ სრულდება.
„საქმე გაგრძელდება და მოხდება ყველა იმ მტკიცებულების გამოკვლევა, რაც მოპოვებულია გამოძიების მიერ, რაზეც დაფუძნებულია ბრალდება. ყველა ამ მტკიცებულების გამოკვლევის შემდგომ სასამართლო იმსჯელებს საკითხზე, ის უდანაშაულოა, თუ ჩადენილია დანაშაული. რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების თუ ადამიანების მოსაზრებებს ამ პროცესთან მიმართებით, ძალიან მარტივი მოცემულობაა. საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება და შესაბამისი საკანონმდებლო სტანდარტი, რაც აუცილებელია ბრალდების წარსადგენად და საქმის სასამართლოში განსახილველად. დადასტურებული არის არაერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამიტომ ნებისმიერი განცხადება და მცდელობა ამ საკითხის პოლიტიზირებისა, უფრო მეტად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება და არა სამართლებრივ რეალობას“,- განაცხადა ამირან გულუაშვილმა.