ამირან გამყრელიძე - საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დღევანდელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აკმაყოფილებს მსუბუქი, საშუალო, თუ მძიმე სცენარის განვითარების კრიტერიუმებს
ამირან გამყრელიძე - საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დღევანდელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აკმაყოფილებს მსუბუქი, საშუალო, თუ მძიმე სცენარის განვითარების კრიტერიუმებს

საქართველოში განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

„ჩვენ ამას დაახლოებით, ვპროგნოზირებდით, რომ პირველი შემთხვევის შემდეგ ასეთი ზრდა შესაძლებელი იქნებოდა. რადგან სამყაროს გამონაკლისი არ ვართ და ეკონომიკურად, სოციალურად, თუ იგივე ჯანდაცვის სისტემებით ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყნებში ეპიდემია უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდა. ამიტომ, ეს პროგნოზირებადი იყო და რომ გითხრათ, რომ ამ ეტაპზე რაღაც საგანგაშო სიტუაცია გვაქვს, ნამდვილად არა. ჯერჯერობით, ჩვენ მაინც ზომიერი ზრდის დინამიკა გვაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ განცხადებით ამირან გამყრელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეიძლება, შეფასდეს 25 შემთხვევის არსებობა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით და არსებობს თუ არა განგაშის საფუძველი.

შეკითხვაზე, იმატა თუ არა ქვეყანაში საფრთხემ, რომ დაავადების შიდა გავრცელება დაიწყოს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამის საფრთხე არსებობს.

„ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ შემთხვევების ზრდა გვექნება და ამიტომ, ჯანდაცვისა და სხვა უწყებების, საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის მოვალეობა გახლავთ, რეკომენდაციები შევასრულოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უნდა გამოცხადდეს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იმ მაჩვენებლის გათვალისწინებით, რაც დღეს გვაქვს, გამყრელიძემ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების პრეროგატივაა და თუ უმაღლესი ხელისუფლება საჭიროდ ჩათვლის, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

„დღესდღეობით, ამ მაჩვენებლით, რაც გვაქვს, ეს შეიძლება, მხოლოდ განხილვის საგანი იყოს. პრინციპში, ჩვენ ნაწილობრივ, ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეკითხვაზე, არის თუ არა ჯანდაცვის სისტემა მზად იმ შემთხვევისთვის, თუ სიტუაცია დამძიმდება და როგორი იქნება ე.წ. გეგმა ბე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოდელირების მეთოდებით შექმნილია სცენარის სამი ვერსია, რომელიც 2009 წელს მსოფლიოში არსებული პანდემიური გრიპის გამოცდილებას ეყრდნობა.

„ასევე, ჩვენი სცენარები ეყრდნობა ჩინეთის გამოცდილებას, რაც ამ ქვეყანამ ამ ორ თვენახევარში გაიარა. ჩვენ ასევე ვიზიარებთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დღევანდელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – საწოლთა ფონდი, სასუნთქი აპარატების რაოდენობა და ა.შ, აკმაყოფილებს მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე სცენარის განვითარების კრიტერიუმებს.

„დაახლოებით ვიცით, პიკის დროს რამდენი ადამიანი შეიძლება, დასნებოვნდეს, რამდენ ადამიანს შეიძლება, დასჭირდეს ინტენსიური დახმარება, რამდენს რეანიმაციული დახმარება და რამდენი საავადმყოფოს რამდენი საწოლი უნდა იყოს მზად. ამ გათვლებით, ჩვენი დღევანდელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – საწოლთა ფონდი, სასუნთქი აპარატების რაოდენობა და ა.შ, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე სცენარის განვითარების კრიტერიუმებს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.