ამირან გამყრელიძე - საქართველოში აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც აცრის შემდეგ ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ შემთხვევებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები სწავლობენ, თუმცა, გამყრელიძის განცხადებით, თითქმის ყველასთან ეს ინფექცია წავიდა საკმაოდ მსუბუქად და ხშირ შემთხვევაში საერთოდ უსიმპტომოდ.
ცნობისთვის, გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეებს, რომლებიც კოვიდინფექციით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდნენ, ვაქცინის მეორე დოზა ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ გაუკეთდებათ. მისივე თქმით, მიმდინარეობს აღნიშნული რეგულაციის შემსუბუქებისა და ვადის შემცირების საკითხის განხილვა.