ამირან გამყრელიძე - პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს და როგორმე უნდა გავზარდოთ, პირბადე ადამიანს იცავს ყველანაირი ვირუსისგან
ამირან გამყრელიძე - პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს და როგორმე უნდა გავზარდოთ, პირბადე ადამიანს იცავს ყველანაირი ვირუსისგან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მცირედი გაუმჯობესებული დინამიკის მიუხედავად, ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ რთული რჩება.

გამყრელიძის თქმით, ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდვითარებას ახასიათებს, ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ მაღალია.

„გასაგებია, რომ დღესაც 3 410 შემთხვევა იყო, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ოთხი, ხუთი და ექვსი ათასი, მაგრამ კლების დინამიკა ძალიან დუნეა. ყოველ წუთს შეიძლება, იყოს გაუარესების ტენდენცია. ოდნავ შემცირებულია ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა, თუმცა დღეში 46 გარდაცვალება ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა, რომელთაგან ყველაზე მთავარია პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.

„პირბადის ტარების მაჩვენებელი როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში როგორმე გავზარდოთ, პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს – 28%, ეს ძალიან ცუდია. არადა, პირბადე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი. აგვისტო-სექტემბრის დროს იყო შემცირებული ქორწილები, მაგრამ ახლა ისევ ბევრია ეს ყველაფერი. პირაბდე და თავყრილობების თავიდან არიდება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. რა თქმა უნდა, მთავარია აცრები. განსაკუთრებით ბოლო ორ კვირაზე მეტია, გაიზარდა ყოველდღიური აცრების რიცხვი.

განსაკუთრებით იმოქმედა ორმა მნიშვნელოვანმა ინიციატივამ, ორას ლარიანმა წახალისებამ 60 წლის ზემოთ მოსახლეობისთვის, ასევე, თვითონ კონცეფციამ მწვანე პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სამუშაო დღეებში არის 11-13 ათასი აცრა, თუმცა გვჭირდება 2-3 ჯერ მეტი ყოველდღიური აცრა, რომ წელში გავტეხოთ ეპიდემია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ლაბორატორიულად „ომიკრონი“ ჯერ არ დადასტურებულა.

„შემოვა საქართველოში ალბათ, ვირუსებს საზღვარი არ აქვს, ნებისმიერ საზღვარს ლახავენ. ამიტომაც, მთავარია სიფრთხილე, პირბადე და აცრები. რა ინფორმაციაც გვაქვს, „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება უფრო ახალგაზრდა ასაკში, ასევე, დაახლოებით სამჯერ მეტი აქვს რეინფიცირების რისკი.

ადამიანი თუ სხვა შტამით იყო ინფიცირებული, შეიძლება, „ომიკრონით“ მოხდეს რეინფიცირება. ამასთან, მოგეხსენებათ, დეკემბერია, ცივი სეზონია, უკვე გრიპის ვირუსი გამოჩნდა ცირკულაციაში. დეკემბერ-იანვარ-თებერვალში ძალიან სერიოზული სიფრთხილე და სერიოზულად მოცვა გვმართებს რეკომენდეციების. სიტუაცია კიდევ უფრო არ უნდა გაუარესდეს. მოგეხსენებათ, 6 ათასზე მეტი პაციენტია სტაციონარში. ექიმები ზღვარზე მუშაობენ, წარმოიდგინეთ, 1 600-მდე მძიმე პაციენტია სტაციონარებში. 350-ზე მეტი გახლავთ ხელოვნურ ვენტილაციაზე, ეს ჯანდაცვის სექტორის ძალიან დიდი დატვირთვაა.

დეკემბერში და იანვარში კიდევ სხვა ფაქტორები ემატება, ბევრი რესპირაციული სიმპტომი ტრიალებს და ცირკულირებს. პირბადე ყველანაირი რესპირაციული ვირუსისგან იცავს. შარშან პირბადის ტარების მაჩვენებელი მაღალი რომ გვქონდა, გრიპმა ძალიან არ შეგვაწუხა. მოვუწოდებ მოსახლეობას, გრიპის ვაქცინის 35 000-მდე დოზაა, რისკ ჯგუფები მივიდნენ და აიცრან. გრიპის მიმართ ისინი იქნებიან დაცული. განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ მოსახლეობა უნდა აიცრას. სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წელზე ზემოთ ასაკის მოსახლეობაში. აიცრან ეს ადამიანები და აიცრას ყველა, რათა ხანდაზმულებს ვირუსი არ მიუტანონ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.