ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, დიდ თავშეყრებსა და ქეიფს თავი აარიდონ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დიდ თავშეყრებსა და ქეიფს თავი აარიდონ.
მისივე თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებლი 43 პროცენტზეა ჩამოსული, რაც საგანგაშოა, განსაკუთრებით, შემსუბუქებების ფონზე, რადგან ამან შესაძლოა, ეპიდსიტუაცია სერიოზულად გააუარესოს.
„ჰელსმეტრიკის“ ინსტიტუტთან ერთად ჩვენ ვაკვირდებით პირბადის ტარების მაჩვენებელს ქვეყანაში. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვიყავით თითქმის 75 პროცენტზე ასული და შემდეგ 66-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით, ეს არის 43 პროცენტი, რაც ძალიან ცუდია.
უმორჩილესად გთხოვთ ყველა ტელევიზიას, ყველა საინფორმაციო საშუალებას, რომ მაქსიმალურად დაუთმეთ დრო და ადამიანებს მიაწოდეთ ინფორმაცია, იყოს მორბენალი სტრიქონი, გადაცემები, შესაბამისი გზავნილები მასმედიის საშუალებით, რომ პირბადე ერთ-ერთი მთავარი დაცვის საშუალებაა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი უკვე მოვიტოვეთ და შესაძლებელია, თუ ამ მასშტაბის ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, კიდევ იყოს საუბარი გარკვეულ შემსუბუქებებზე. მთავარი დამცავი საშუალების, პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ.
იცით, რომ თუ ეს 95 პროცენტამდე ავიყვანეთ, ძალიან ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება ქვეყანაში და ნაკლები დაზიანება გვექნება მოსახლეობაში. ამიტომ, მასმედიას გთხოვთ, პირბადეზე გავამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება. 43 პროცენტზე ჩამოსვლა, ჩათვალეთ, არის საგანგაშო, განსაკუთრებით, ამ შემსუბუქებების ფონზე, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ეპიდსიტუაციის სერიოზულ გაუარესებამდე. თუ ჩვენ, მარტსა და აპრილში, შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას ამ ფარგლებში, როგორშიც დღეს ვართ, მაშინ უკვე, თბილ პერიოდში, მაის-ივნისში, ჩვენ შევალთ კარგი მაჩვენებლებით და დაზიანება ქვეყანაში მოსახლეობის, მხედველობაში მაქვს დაინფიცირება, სიკვდილიანობა და სხვა, იქნება გაცილებით მცირე. ამიტომ, ყველას უმორჩილესად გთხოვთ, პირბადე იყოს ერთ-ერთი მთავარი, რაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, ისევე როგორც დისტანცია – განსაკუთრებით ახლა, როდესაც გაიხსნა შიდა სამასპინძლო დაწესებულებები, დიდ თავშეყრებს, ქეიფებს თავი ავარიდოთ,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.