ამირან გამყრელიძე - იმის გამო, რომ რეკომენდაციები არ იქნა დაცული, ბოლნისის სოფლებში მივიღეთ ეს შედეგი, რაც მაგალითი უნდა იყოს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს რამდენიმე მიზეზი აქვს.
მისი თქმით, მათ შორის, რეკომენდაციების არასათანადო დაცვა ერთ-ერთია.
„ერთი მიზეზი არ არის მხოლოდ, ბევრი მიზეზია. იქ მოხდა ეპიდაფეთქება, როდესაც რამდენიმე პირი დაინფიცირდა ერთი ადამიანისგან ერთდროულად; შემდგომ სწორედ იმის გამო, რომ ბევრი რეკომენდაცია არ განხორციელდა – სოციალური დისტანცირების, ერთმანეთში არ სიარულის, დიდი ოჯახებით არ შეკრების და ა.შ, იგივე სოფლიდან სოფელში არ სიარულის, როცა ჩაიკეტა, ბილიკებით მაინც ხდებოდა ეს, ამიტომაც გავრცელდა ამ ორ სოფელში ინფექცია. როგორც გითხარით ერთ სოფელში, დამყოლობას ვუწოდებთ ექიმები ამას, საკმაოდ კარგი იყო, გამოკვლევებზე ადვილად დავითანხმეთ. რა უნდა გააკეთო ამ დროს, ყველა ინფიცირებული უნდა გამოავლინო, მათი იზოლირება მოახდინო, უმკურნალო, ხოლო დანარჩენი, უნდა იყვნენ იზოლირებული ორი საინკუბაციო პერიოდი, რათა დაიცვან წესები და ერთმანეთს აღარ გადასდონ, თუ ვინმე იქნა კონტაქტირებული. ეს არის მთელი ანა-ბანა ამ ღონისძიებების. იმის გამო, რომ აღნიშნული არ იქნა დაცული, ის რეკომენდაციები, რაც ეძლეოდათ, მივიღეთ ეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი უნდა იყოს მაგალითი, რადგან შეიძლება სხვაგანაც განმეორდეს.
„რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს სამაგალითო, რადგან მსგავსი შეიძლება, ჩვენ გაგვიმეორდეს სხვაგანაც. ხაზს ვუსვამ, კიდევ ერთხელ, ჩვენ დღეს დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან შეიძლება, ვიღაც ადამიანი ისევ შემოვიდეს, იგივე ჩვენი თანამემამულე, უარს ხომ ვერ ვეტყვით თანამემამულეებს დაბრუნებაზე რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან თუ ევროპიდან და ა.შ. 20 ათასზე მეტი ადამიანია დღეს გადმოყვანილი ორგანიზებულად. უზარმაზარი საქმე გააკეთა ქვეყანამ, როდესაც 20 ათასზე მეტი ადამიანი ორგანიზებულად დააბრუნა, მაგრამ ისინი კარანტინში იყვნენ, უმრავლესობამ წესები დაიცვა. ბოლო ერთი თვე მე-13 და მე-14 დღეს კარანტინიდან გასულ ყველა ადამიანს ჩვენ PCR ტესტირებას ვუკეთებთ, რომ არ გაგვეპაროს იქიდან ინფექცია. რაღაცის ალბათობა ყოველთვის არსებობს, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.