ამირან გამყრელიძე - ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს და მრევლს ვთხოვ, დაიცვან რეკომენდაციები, სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საეკლესიო პირებმა და მრევლმა დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებობს.
გამყრელიძე ყურადღებას ამახვილებს სოციალურ დისტანციაზე და პირბადის ტარებაზე.
„საეკლესიო პირები ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრები არიან, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. აუცილებელია იმ ზოგადი რეკომენდაციების შესრულება, რომ ეკლესიაში და მის გარეთ ვიყოთ პირბადით. აუცილებელია, ეკლესიაში, შიგნით თუ გარეთ, დავიცვათ დისტანცია. მოგეხსენებათ, დეკემბერი და იანვარი იქნება შედარებით მძიმე, რადგან ერთმანეთს ედება ყველანაირი რესპირაციული ინფექცია – იქნება ეს გრიპი, კოვიდი თუ სხვა. ანუ მეტი რისკია ამ ტიპის ინფექციის გავრცელების. ამიტომ დისტანცია, ხელების დამუშავება, პირბადე, ყველა ამ ინფექციისთვის ერთი და იგივე პრევენციული ღონისძიებაა. იგივე ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს ვთხოვ, ისევე, როგორც მრევლს, დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით. სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით“, – განაცხადა გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ.