ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საკარანტინო ზონები მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს
კორონავირუსი არ გადადის 50 და 100 მეტრზე, მეზობლებისთვის ის არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს, – ამის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც კონკრეტულ სასტუმროებში საკარანტინო ზონის გახსნას აპროტესტებენ.
„საქართველოს მოსახლეობას მინდა, ვთხოვო, ჩვენ გამოვდივართ სულ ამ წინადადებით – დაგვიჭირეთ მხარი. ჩვენ ამ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ ერთმანეთის სოლიდარული, როგორ შეიძლება გაპროტესტება?! იქ, სადაც ისინი მოთავსდებიან, ყველა პირობაა დაცული. თუ ვინმე იქნა ინფიცირებული, არ გავრცელდება ეს ინფექცია. ამ სამსახურებს გავლილი აქვთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ეგრეთ წოდებული ბიოუსაფრთხოების კურსები, იქ ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
მოსახლეობისთვის ეს არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. ეს დაავადება არ გადადის 50 და 100 მეტრზე. მეზობლებისთვის ის არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.