ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ემხრობა, სამედიცინო პერსონალისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ემხრობა, სამედიცინო პერსონალისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს

ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლები აგვისტოსთან შედარებით სამჯერ არ შემცირებულა, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ შემცირდა აცრის დღიური მაჩვენებლები აგვისტოსთან შედარებით თითქმის სამჯერ და სად იყო ხარვეზი.

„შაბათ-კვირას ყოველთვის შედარებით ნაკლებია, როგორც აცრები, ისე ტესტები. აგვისტოში აცრის საშუალო მაჩვენებელი გვქონდა დღეში 23 000, სექტემბრის საშუალო მაჩვენებელი დღემდე, არის 20 000 და სექტემბრის დაახლოებით, 16-17 რიცხვამდე გვქონდა 23 000-ის ფარგლებში. ანუ, დღევანდელი რიცხვით, სექტემბრის საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 20 000. რა თქმა უნდა, მე სულ გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ სექტემბერში ძალიან გვინდოდა დღიური 30 000, ოქტომბერშიც 30 000 და მაშინ, ძალიან კარგად დავხვდებოდით წლის ცივ, ნოემბრის პერიოდს, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ოთხი დღეა, ეტყობა, რომ მცირდება აცრის მაჩვენებელი. ჩვენ მოსახლეობას სულ მოვუწოდებდით მეტი აქტიურობისკენ, მაგრამ ეტყობა, კიდევ მეტი საკომუნიკაციო კამპანიაა საჭირო. ის არასოდეს საკმარისი არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

იღებს თუ არა უწყება კრიტიკას, რომ საინფორმაციო კამპანია არასაკმარისია და ხალხს ვაქცინაციასთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია არ აქვს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში თვითკრიტიკა მეტია, ვიდრე გარედან კრიტიკა.

„რა თქმა უნდა, ყველანაირ კრიტიკას ვიღებთ და კრიტიკისადმი საკმაოდ მიმღები და ტოლერანტული ვართ. კრიტიკას არასოდეს გავურბივართ, როდესაც კრიტიკა არის საქმიანი და არა ანგაჟირებული, სხვადასხვა ქვედინებებით და მოტივაციით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მასობრივი ვაქცინაცია სამ თვეზე მეტი არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია.

„ხშირად, ისრაელი მოჰყავთ მაგალითად და ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია იყო იანვარი, თებერვალი, მარტი, შემდეგ კი, აპრილში ნელ-ნელა შემცირდა. აშშ-ში იყო დაახლოებით, ოთხი თვე. იცით, რომ მერე იქაც პრობლემები გაჩნდა და დღეს, ორი აცრით მოცვის მაჩვენებელი 60%-ს ვერ ასცილდა. შედარებით უკეთესი მონაცემები აქვთ ევროკავშირის ქვეყნებს, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს. დღეს, საუკეთესო მაგალითი არის დანია, რომელმაც თითქმის, 85% აცრა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სრულად ემხრობა იმას, რომ სამედიცინო პერსონალისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

„ჯერჯერობით, ამაზე ერთიანი აზრი არ არის. უმრავლესობა, როგორც საზოგადოება, მაინც ემხრობა იმას, რომ ეს ნებაყოფლობითი იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ მეხუთე ტალღა შედარებით რბილი იყოს, ვიდრე იყო შავი აგვისტო და ძალიან მძიმე მეოთხე ტალღა, ნოემბრამდე, მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე, 40% ორჯერადად უნდა აიცრას და ამასთან ერთად, საზოგადოებამ მთავარი რეკომენდაციების დაცვა უნდა გააგრძელოს.