ამერიკის კონგრესში ნატო-ს დაარსების 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ რეზოლუციაში საქართველოს მხარდაჭერასა და ღია კარის პოლიტიკაზეა საუბარი
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ, კონგრესმენ მაიკლ ტერნერთან ერთად აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში 2019 წლის 3 აპრილს ნატო-ს დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია წარადგინა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ეძღვნება, საუბარია საქართველოსა და ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერაზე.
„ნატო-მ გასწია ძალისხმევა, რათა შეაჩეროს რუსეთის ფედერაციის აგრესია, მის მიერ საქართველოსა და უკრაინაში უკანონო შეჭრის და ოკუპაციის საპასუხოდ. ალიანსი განაგრძობს ნატო-ში ევროპის ქვეყნების გაწევრიანების ღია კარის პოლიტიკას, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ევროპაში თავისუფლების, დემოკრატიის, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად,“ – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გაწეულ ძალისხმევას კონგრესენმა კონოლიმ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროსაც. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა, რომ ნატო-სთვის მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში.
მისი განცხადებით, ნატო მოიცავს ორ მთავარ მიმართულებას, რომლიდანაც ერთ-ერთი უკავშირდება კოლექტიურ თავდაცვას, ხოლო მეორე საერთო ღირებულებებს, დემოკრატიულ განვითარებას, გამოხატვის თავისუფლებას, სამართლის უზრუნველყოფას და საქართველო არის ასეთი ქვეყანა.