დავით ზალკალიანი - ნატო-ს მინისტერიალზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე, რა როლს თამაშობს ნატო მთლიანად შავი ზღვის არეალში, ამ მიმართულებით ძალიან საგნობრივი დისკუსია იყო
დავით ზალკალიანი - ნატო-ს მინისტერიალზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე, რა როლს თამაშობს ნატო მთლიანად შავი ზღვის არეალში, ამ მიმართულებით ძალიან საგნობრივი დისკუსია იყო

ნატო-ს მინისტერიალზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე, რა როლს თამაშობს ნატო მთლიანად შავი ზღვის არეალში, ამ მიმართულებით ძალიან საგნობრივი დისკუსია იყო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, დღევანდელ მინისტერიალზე ოთხ ძირითად მიმართულებაზე გამახვილდა ყურადღება, რასაც ხელშესახები შედეგი მოჰყვა.

„ძალიან წარმატებული მინისტერიალი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ შეგვიძლია, განვიხილოთ როგორც მადრიდის სამიტის მოსამზადებელი მინისტერიალი. ოთხ ძირითად მიმართულებაზე შევაჩერებდი ყურადღებას, რაზეც ხელშესახები შედეგი ვიხილეთ ამ სამიტზე. პირველი, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე, იმაზე, რა წვლილი შეაქვთ საქართველოსა და უკრაინას შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით და ის, რა როლს თამაშობს ნატო მთლიანად შავი ზღვის არეალში. ამ მიმართულებით იყო ძალიან საგნობრივი დისკუსია.

მეორე მიმართულება, რომელიც შეგვიძლია, განვიხილოთ მადრიდის სამიტის მოსამზადებელ კონტექსტში, არის ნატო-ს განახლებული კონცეფცია 2030, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება მადრიდის სამიტს და ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ჩვენ უკვე ჩართული ვართ ამ განახლებული კონცეფციით მოსამზადებელ პროცესში. ანუ ის, რომ ჩვენი სურვილები და პერსპექტივები როგორ წარმოგვიდგენია, ჩვენი გზა, რაც შეიძლება, დამოკლდეს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, ასახული იქნება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში ამ ახალ 2030-ის კონცეფციაში.

მესამე მიმართულება, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ადრე იყო მრავალი წლის წინ და ახლა განმეორდა, რომ ამ მინისტერიალზე მოხდა ასპირანტი ქვეყნების შესახებ ანგარიშის მიღება, სადაც წარმოდგენილია როგორც ჩვენი ნატოელი პარტნიორების ხედვა იმ პროგრესზე, რა პროგრესიც ჩვენ გვაქვს, ისე ჩვენი მხრიდან დანახული პერსპექტივები, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას შემდგომ ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით და ეს ანგარიში მოიწონეს, მიეცა მაღალი შეფასება. ესეც მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია, რაც ჩვენ მიგვაქვს დღევანდელი მინისტერიალისგან.

მეოთხე მიმართულება, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო – ჩვენს ნატოელ პარტნიორებს შევთავაზეთ ჩვენი კონკრეტული ხედვა, როგორ წარმოგვიდგენია დღევანდელი პერსპექტივიდან უახლოეს, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ნატო-ში ინტეგრაციის პრაქტიკული და პოლიტიკური ნაბიჯების ერთობლიობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ნატო-სთან დაახლოება. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ძალიან კარგი მინისტერიალი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა ნატოელი პარტნიორის მხრიდან ძალიან სერიოზული, მკაფიო მხარდაჭერა ჰქონდა.

„გამოხმაურებებსაც ნახავდით. არ დარჩენილა ნატო-ს არც ერთი წევრი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც მაღალი შეფასება არ მიეცა ჩვენი ქვეყნის იმ ნაბიჯების მიმართულებით, რა ნაბიჯებიც არის გადადგმული ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული, მკაფიო მხარდაჭერა ყველა ჩვენი ნატოელი პარტნიორის მხრიდან. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ძალიან მკაფიოდ ითქვა, ძალიან ბევრმა დელეგაციამ ახსენა, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ წარმოდგენილი მადრიდის 2022-ის სამიტზე. ესეც ვფიქრობ, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი დღევანდელი მინისტერიალის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.