ამერიკის ხმა - აშშ-ი სავიზო რეჟიმის დამრღვევი ქვეყნების დასჯას აპირებს
თეთრი სახლი სავიზო რეჟიმის გამკაცრებას აპირებს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად რჩებიან აშშ-ში უკანონოდ.
„ვოლ სთრით ჯორნალის” ინფორმაციით, შეზღუდვები ამოქმედდება იმ სახელმწიფოთა წინააღმდეგ, რომელთა მოქალაქეებიც აშშ-ში ბიზნეს ან ტურისტული ვიზით ჩადიან და აშშ-ის ტერიტორიაზე დარჩენისთვის განსაზღვრულ ვადებს არღვევენ.
ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის იგეგმება აშშ-ში დარჩენის ვადების შემცირება, ტარიფების გაზრდა და ვიზების გაცემის პროცესის გართულება.
გამოცემა „პოლიტიკო” წერს, რომ ახალი შეზღუდვების დაწესებისთვის შესაძლოა, პრეზიდენტმა სპეციალური განკარგულება გამოსცეს.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის 2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სავიზო რეჟიმს ყველაზე ხშირად აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა მოქალაქეები არღვევენ. მაგალითად, ჯიბუტის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 44%-ს შეადგენს, იემენისთვის 28%-ზე მეტს, ხოლო სირიისთვის 17%-ს აღემატება. დსთ-ს ყოფილი და მოქმედი წევრებიდან სავიზო რეჟიმის დარღვევის რაოდენობით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს აქვს და ის 10,72%-ს შეადგენს. შემდეგია თურქმენეთი – 9,10%, აზერბაიჯანი – 7,62%, უზბეკეთი – 6,68%, სომხეთი – 4,6%.