ვლადიმერ პუტინი - საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ განვითარდეს და რომელ გზას გაჰყვეს
ვლადიმერ პუტინი - საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ განვითარდეს და რომელ გზას გაჰყვეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ გაკვირვებულია იმ რეაქციით, რომელიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მოჰყვა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა რუსული საზოგადობრივი ორგანიზაციის, „საქმიანი რუსეთის“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა – მადლობა, კარგია. არა, იქ ამ საკითხზე სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა. ძალიან უცნაურია. უბრალოდ, გულწრფელად რომ ვთქვა, მოულოდნელია. გვერდიდან რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება, მათ შორის, შვებულებების სეზონის მოახლოების გათვალისწინებით მიიღო. მისი თქმით, მას სურდა, მხარი დაეჭირა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავად საქართველოში მიისწრაფვიან რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების შენებისკენ, ასევე რუსული ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უყვართ მეზობელი ქვეყანა.

„ჩვენ მზად ვართ, გზის ჩვენი ნაწილი გავიაროთ, როგორც უკვე ვთქვი, ვდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს და მომავალშიც გავაგრძელებთ იმის მიხედვით, როგორი რეაგირება ექნებათ ამაზე ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ განვითარდეს და რომელ გზას გაჰყვეს.

„მომეჩვენა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საკითხები და ჩვენ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.